ავტორი:

"ძალიან მომრავლდა ამ ტიპის ჩივილები... რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში?" - რაზე უსაყვედურა რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს

"ძალიან მომრავლდა ამ ტიპის ჩივილები... რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში?" - რაზე უსაყვედურა რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს

ჯანდაცვის კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრი თამარ გაბუნია დაჩქარებული წესით ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტს განიხილავდა, საკითხის კენჭისყრა გადაიდო.

დეპუტატების მთავარი უკმაყოფილება კანონპროექტის პარლამენტში განხილვამდე სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების არარსებობამ გამოიწვია. მათი თქმით, კანონპროექტზე კენჭისყრის გამართვა კონსულტაციების გამართვის შემდეგ უფრო ლოგიკური იქნებოდა.

კომიტეტზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა კომპანია „პსპ-ს" წარმომადგენელმა მამუკა ბრეგვაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის დროს მისი კომპანია ამ დიალოგში არ იყო ჩართული.

ის, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სფეროს წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართული, კომიტეტზე კარდიოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელმა არჩილ ჩოხროკიძემაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ სჯობს, კანონპროექტს კენჭი არ ეყაროს, მანამ სანამ არ იქნება განხილვა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების უკმაყოფილებას კომიტეტის სხდომაზევე გამოეხმაურა დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას მიმართა და აღნიშნა, რომ სამინისტრო დეპუტატებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

"თქვენს სფეროში უკვე ძალიან მომრავლდა ასეთი ტიპის ჩივილები, რომ ჩვენთან არაფერი შეთანხებული არაა. რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში. დამისახელეთ კონსულტაციის ფორმები, რომელიც გაიმართა და ჩამომითვალეთ ადამიანები, ვისთანაც გაიმართა ეს კონსულტაციები. ასეთ მდგომაროებაში რატომ გვაყენებთ, მერამდენედ არის ეს ამბავი?! დარგი ამბობს, რომ კონსულტციები არ ყოფილა, ჩვენთან მოდიხართ და რაღაც გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ან ჩვენ რას გვერჩით და ან დარგს რას ერჩით გავაგებინეთ?!" - განაცხადა კაკულიამ.

კაკულიას მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ საკითხი იმდენად ტექნიკური იყო და დაკავშირებული მარეგულირებლის პროცედურულ საქმიანობასთან, რომ აქ რომელიმე დარგობრივ ასოციაციასთან კომუნიკაცია სამინისტროს არ მოუძიებია.

„ვფიქრობ, სამომავლოდ კომიტეტთან მეტს ვიმუშავებთ იმაზე, რომ კონკრეტულ კანონპროექტებთან მიმართებით რა ტიპის კონსულტაციების მოლოდინი უნდა გვქონდეს. იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, კლინიკებს ჩართულობით თუ პაციენტების ჩართულობით. ყველა მხარეს თავისი ინტერესი აქვთ და მნიშვნელოვანია ყველა მხარის ინტერესის ასახვა ნებისმიერ კანონპროექტში. ჩვენ მზად ვართ გავაცნოთ საზოგადოებას ის ფორმატი, რომელსაც საკონსულტაციოდ ვიყენებთ და არაერთი მუდმივმოქმედი მექანიზმია შექმნილი იმისთვის, რომ ამ ტიპის კონსულტაციები შედგეს," - აღნიშნა გაბუნიამ.

"5-6 თვის წინ თამარმა მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო" - გარდაცვლილი პროგრამისტის დედა

"საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურსა და ენგურჰესზეც" - რა ინფორმაცია მიაწოდეს შს მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს

რამ გამოიწვია რაჭაში სტიქიური მოვლენები?