24 ივნისს, 11:00 საათზე, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, მელაძე ვასამბეგ ბოკოვის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.
როგორც ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია "პირველთან" განაცხადა, ის სუს-ში მისვლას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.