ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციიით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ანი გიორგაძეს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გოგონა შეყვარებულთან ერთად გზის გადაკვეთას ცდილობდა, ამ დროს კი ავტომობილი დაეჯახა. წყვილს ცოტა ხნის წინ ნიშნობა ჰქონდა და მალე დაქორწინებასაც აპირებდნენ.
AMBEBI.GE გარდაცვლილი ანი გიორგაძის მეგობარს დაუკავშირდა მომხდარის დეტალების გასარკვევად:
- ერთად იყვნენ, მისი შეყვარებული შეესწრო ამ ფაქტს... ის ბიჭი კარგადაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. როგორც ვიცი, სახლში იმყოფება. ცოტა ხნის წინ ნიშნობა ჰქონდათ და მარხვის დასრულების შემდეგ დაქორწინებას აპირებდნენ" - გვითხრა გარდაცვლილის მეგობარმა.
ანი გიორგაძე ფარმაცევტი იყო და ქუთაისში ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობდა. უყვარდა მოგზაურობა და ხშირად სტუმრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. გოგონას გარდაცვალებას ახლობლები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ:
"ძალიან მეტკინა გული. უზომოდ მენანები, შენნაირი სუფთა და კეთილი ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ"
"ჩვენი ანი... ჩვენს მეხსიერებაში მუდამ იქნება, ხოლო მარადიულ ცხოვრებაში უფალმა მისი უკვდავი სული ზეციურ საქართველოში დაამკვიდროს"
"გუშინ შევესწარი ამ ტრაგედიას, თბილისში მივდიოდი და ქუთაისის გასასვლელთან მოხდა... 5 წუთის მომხდარიც არ იქნებოდა. საშინელი სცენა იყო, თვალებიდან არ ამომდის. თავის ტრავმა ქონდა... ნათელი მის ლამაზ სულს, როგორ მეგონა რომ გადარჩებოდა"
"მთელი დღეა შენს ფოტოებს ვათვალიერებ. ნუთუ მარტო ესენი დაგვრჩება შენგან? არ მჯერა, ვერ წარმომიდგენიხარ იმ შავი ხის შიგნით თუ შენ ხარ. ვერ დავიჯერებ, არ მინდა! ვის მივაკითხავ მარტოობა რომ შემომიტევს და მოვიწყენ? არ მჯერა, ანის რომ დავიკივლებ აივანზე, შენ აღარ გამოანათებ სახლიდან. ჩემი მომცინარი გოგო იქნები სულ, არ მინდა დაჯერება, ეს რეალობა არ არის, არა!" - წერენ გარდაცვლილი გოგონას მეგობრები და ახლობლები "ფეისბუქზე".
როგორც ცნობილია, მძღოლს, რომელიც ქვეითად მოსიარულე ანი გიორგაძეს დაეჯახა, შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. გარდაცვლილი გოგონას მეგობარი AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ მძღოლი არ დაუკავებიათ, რადგან მომხდარში მისი ბრალეულობა არ გამოიკვეთა.