კულინარიული შოუ "მასტერშეფის" სამზარეულო კიდევ ერთმა მონაწილემ დატოვა. სპორტსმენ ნინი სტურუას გადამწყვეტ ტურში ხორცის დესერტი უნდა მოემზადებინა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ დავალება ძალიან რთული და მისთვის წარმოუდგენელიც კი იყო და როგორც ჩანს, ეს დავალება საბედისწეროც აღმოჩნდა - ჟიურის წევრებმა ნინის პროექტი ისე დაატოვებინეს, რომ მის გარდა აუტსაიდერები არ დაუსახელებიათ.
შეფმა ლევან კობიაშვილმა მას უთხრა, რომ არ ნანობდა "ოქროს წინსაფრის" გადაცემას მისთვის, თუმცა სამწუხაროდ სტურუამ იმედები ვერ გაუმართლა და განვითარების ნაცვლად, უკუსვლა განიცადა.
ჟიურის გადაწყვეტილება ნინი სტურუამ მაშინვე გააპროტესტა: "იმას ვიტყვი, რომ აქ მარტო დგომას არ ვიმსახურებდი..." - ამ სიტყვებით დატოვა მონაწილემ შოუ.
ჟიურის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებლის ნაწილი ამბობს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო და ოქროს წინსაფრის მფლობელს „მეტი მოეთხვებოდა“, ნაწილი კი აუტსაიდერების დასახელების გარეშე ნინის გაშვებას აპროტესტებს:
"გასაგებია რომ ეს შოუა, მაგრამ ეს გოგო ასე არ უნდა დაემცირებინათ არცერთ შემთხვევაში!"
"შეიძლება, მართლა უნდა დაეტოვებინა ნინის პროექტი, მაგრამ არა - ამ სახით, ეს მეტისმეტი იყო".
"რა შეურაცხმყოფელია აუტსაიდერებში მარტო დგომა, მეორეც - კიდევ იყვნენ ვიღაცები, ვინც გვერდით უნდა მისდგომოდნენ ნინის" - წერენ "მასტერშეფის" მაყურებლები.
თავად ნინი სტურუა ემოციური პოსტით დაემშვიდობა მაყურებელს:
"ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის! ვგიჟდები თქვენზე. მაინც გავხსნი ჩემს რესტორანს! სადაც გპირდებით, რომ არ იქნება ხორცის დესერტი.
ეს იყოს მემორად, ყოველთვის რომ გავიხსენო, როდესაც წარმატებული მზარეული ვიქნები წლების შემდეგ.
ვგიჟდები შრომაზე და ვსწავლობ ძალიან ბევრს. ამისთვის მადლობა "მასტერშეფს", რადგან გავაგრძელებ ისევ მუშაობას, უფრო მოტივირებული.
პ.ს 1 წელია რაც ხახვისა და მწვანილის ჭამა დავიწყე და დიახ, არ ვიცი ბებიაჩემის კერძები, რადგან მთელი ბავშვობა და საერთოდ, 26 წლამდე ცალკე მიკეთებდა საჭმელს უხახვოდ, უმწვანილოდ, უცხიმოდ. და კიდევ დიახ, ასეთი ამაყი გამზარდეს მშობლებმა ბავშვობაში. ბევრი წარუმატებლობა მქონდა სპორტშიც და მაინც ბოლომდე "მაიძულებდნენ" ბოლომდე დავრჩენილიყავი ის, რაც ვარ და მებრძოლა ყოველთვის. ქმარზე არ დავწერ არაფერს, რადგან მინდა ყველას გყავდეთ ეგეთი მოტივაცია ადამიანი ცხოვრებაში" - წერს ნინი სტურუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.