19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სამძებრო ღონისძიებები მეოთხე დღეა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს საძიებო სამუშაოების ახალ ფოტო და ვიდეომასალას.
უწყების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობის მონიტორინგი, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე თერმული დრონის საშუალებით. მუშაობას განაგრძობს საველე შტაბიც.
ადგილზე მობილიზებულია 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი - 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება.
ადგილზე მობილიზებულია ყველა სხვა საჭირო ტექნიკა.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო და საძიებო სამუშაოები.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს მცხეთაში, აგარაკზე ახალგაზრდებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას. 19 წლის ფეხბურთელის კვალი მდინარე არაგვის ნაპირზე იკარგება, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.
საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.