დაკარგული გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოების გამო ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
"გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა. ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას.
აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.
"19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის კვალი ორი დღის წინ დაიკარგა. ის საგურამოში დაბადების დღეზე იყო და მას შემდეგ ოჯახს აღარ უნახავს. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით მისი მეგობრები ავრცელებდნენ.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელია. იგი "საბურთალოს გუნდში" თამაშობს.