ავტორი:

"სიკვდილამდე დედას წერილი მიწერა, აფრიკაში მგზავნიანო..." - "პუტინის მზარეულის" მიერ დახოცილი "უხილავი" მებრძოლები ლიბიაში

"სიკვდილამდე დედას წერილი მიწერა, აფრიკაში მგზავნიანო..." - "პუტინის მზარეულის" მიერ დახოცილი "უხილავი" მებრძოლები ლიბიაში

ამერიკაში ვლადიმირ პუტინის მარჯვენა ხელის, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტი მომზადდა, რომელიც მის მიერ დაარსებული არაოფიციალური სამხედრო კომპანია Вагнер-ის ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული.

რუსული მედია იუწყება, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ ამერიკაში უკვე მოქმედებს სანქციები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და ყირიმის ანექსიაში მისი როლის გამო.

დასავლური მედია და კრემლის მიერ არაკონტროლირებადი რუსული მედია დიდი ხანია პრიგოჟინის ხელით, რუსული ინტერესების უკრაინაში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სხვა ქვეყნებში გატარებაზე, მათ შორის აქტიურ სამხედრო ოპერაციებზე საუბრობს.

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსულ სოციალურ ქსელებში ლიბიაში დაღუპული რუსი სამხედროების ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება. საქმე ისევ და ისევ Вагнер-ს ეხება, რომელსაც კრემლი არასდროს ახსენებს, თუმცა გასაიდუმლოებული სამხედრო ორგანიზაციის მიერ დაქირავებული მეომრები იბრძვიან დონბასში, სირიასა და აფრიკაში... მსხვერპლიც დიდია, მაგრამ ხელისუფლება მათ ბრძოლაში დაღუპულ ადამიანებზე არასდროს არაფერს ამბობს, თითქოს ისინი არც არსებობდნენ.

რეიტინგულ ბეჭდურ გამოცემა Al-Akram-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მიხეილ ბოგდანოვი არ ადასტურებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციას, რომ ლიბიაში რუსეთის არაოფიციალური სამხედრო ჯგუფი არსებობს.

novayagazeta.ru-ს ცნობით, გაეროს 2020 წლის აპრილის ანგარიშის თანახმად, ჯერ კიდევ 2018 წელს ლიბიაში, Вагнер-ის 800-დან 1200-მდე მეომარი იბრძოდა... გამოცემის ცნობით, ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, რომ ლიბიაში 39 წლის პეტერბურგელი, დონბასის ომის ვეტერანი, ვლადიმირ სკოპინოვი დაიღუპა, რომელიც Морпех-ის ზედმეტსახელით იყო ცნობილი. გარდაცვალებამდე, ის სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სამხედროს გარდაცვალებაზე წერდა, კერძოდ, პეტერბურგელ ვადიმ ვასილევზე... თუმცა, ბოგდანოვი ამ ინფორმაციასაც არასერიოზულს უწოდებს.

რაც შეეხება სკოპინოვს, ის 2000-იან წლებში პეტერბურგში სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა, საზღვაო ქვეითთა ბრიგადაში კონტრაქტორად წავიდა. ის დონბასში, ”იმპერიული ლეგიონის” შემადგენლობაში იბრძოდა, რა დროსაც დაიჭრა კიდეც, რაც ფოტომასალითაც არის დადასტურებული. ამის შემდეგ ის, სირიაში, იქიდან კი, ლიბიაში წავიდა, სადაც დაიღუპა.

ვლადიმირ სკოპინოვი თანამებრძოლებთან ერთად - ფოტო novayagazeta.ru

novayagazeta.ru–სთან საუბარში, სამხედროს დედა ტატიანა სკოპინოვა ყვება, რომ შვილისგან ბოლოს ასეთი წერილი მიიღო:

"დედა, აფრიკაში მაგზავნიან, სირიაში ბოლო დროს ძალიან ცოტას გვიხდიან, მე კი არ მაწყობს, ფული მჭირდება".

დედის ცნობით, შვილის სიკვდილის შესახებ, ვლადიმირის დონბასელმა მეგობრებმა გააგებინეს. "მას ამ ბრძოლებში მიღებული არაერთი ჯილდო ჰქონდა, ასევე, ISIS-სთან ბრძოლაშიც, ზოგი მათგანი არაბულ ენაზე იყო შედგენილი და ასე ითარგმნება: "რუსებისა და სირიელების ძმობის აღსანიშნავად".

"2018 წლის თებერვალში მისმა ჯგუფმა ამერიკის ავიაციას ცეცხლი გაუხსნა... იმავე წლის 23 აპრილს, სკოპინოვი ვლადიმერ პუტინმა "მამაცობისთვის" მედლით დააჯილდოვა... არადა, ეს ის სამხედროა, რომლის არსებობაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არ აღიარა" - წერს გამოცემა.

ვლადიმერ პუტინის მიერ სკოპინოვისთვის გადაცემული მედალი "მამაცობისთვის" - ფოტო novayagazeta.ru

რუსეთში, Вагнер-ის მეომრების საწვრთნელად რამდენიმე ბაზა არსებობს, მათ შორის, კრასნოდართან ახლოს, მოლკინოში.

"ადგილზე ყველა მეომარს ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს, რათა მათ მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტში არ გავრცელებულიყო. მათ ასევე აკრძალული აქვთ სოციალურ ქსელში პირადი გვერდის შექმნა, რადგან მათ გამო პუტინის ხელისუფლება არაერთხელ გაეხვა საერთაშორისო სკანდალში..." - წერს novayagazeta.ru.

გამოცემის ცნობით, დედისთვის უცნობია, სად არის შვილი დაკრძალული და ასეთი ფაქტები Вагнер –ის მეომრების ვარშემო უამრავია, რადგან მათ სამშობლოში ჩამოსვენებას ყოველთვის თან ახლავს ხმაური.