იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერ ალეკო ელისაშვილთან და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერეს.
როგორც ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სუფთა, ქვეყანაზე გულანთებულმა პარტიოტმა ადამიანმა სხვებთან ერთად უნდა მოხდინოს ძალთა გაერთიანება და მობილიზება იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი დღის წესრიგი შეიქმნას.
„ჩვენ, მოქალაქეები, ვისაც გული შეგვტკივა ჩვენი ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, შევიკრიბეთ დღეს აქ, ღირსშესანიშნავ ადგილას იმისთვის, რომ ხელი მოვაწეროთ მემორანდუმს, რომელიც დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრინციპებზე და ამ პრინციპებს ახლა მოგახსენებთ: ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის ჩაფლული უპერსპექტივობის ჭაობში და ჩვენი თანამოქალაქეები დარჩენილი არიან ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპის. ვხედავთ, რომ საზოგადოების დღის წესრიგი მონოპოლიზებული აქვს ორ ძალას, რომელიც ფსევდო დაპირისპირებით სინამდვილეში ერთმანეთს აძლიერებს, ხოლო ხალხის ყოველდღიური და რეალური პრობლემები და გაჭირვება ამ პოლარიზებული დღის წესრიგის მიღმა რჩება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკის არსი და პოლიტიკოსების როლი არის ხალხის მსახურება და არა პრივილეგიების მოხვეჭა. ის, როგორც ეს დღეს ხდება. ჩვენ გვაერთიანებს სუფთა წარსული. ჩვენ აქამდეც ვიბრძოდით, ვშრომობდით და კიდევ უფრო თავდაუზოგავად ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის, კეთილდღეობისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროატლანიკურ ოჯახში გაერთიანებისთვის. ჩვენი ამოცანა არის შევქმნათ მსჯელობისა და დისკუსიის განსხვავებული პლატფორმა, რომელიც გახდება დღევანდელი პოლარიზებული ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა, რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს მსგავსი ფასეულობების პატრიოტ, კეთილსინდისიერ და ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ მოქალაქეებს. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ახალი დღის წესრიგი, რომელზეც ავაშენებთ წარმატებულ და თავისუფალ საქართველოს. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე ხელს ვაწერ დღეს ამ მემორანდუმს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ სუფთა, ქვეყანაზე გულანთებულმა პარტიოტმა ადამიანმა სხვებთან ერთად უნდა მოხდინოს ძალთა გაერთიანება და მობილიზება იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნას ახალი დღის წესრიგი. გაარღვიოს ის პოლარიზებული კლიმატი, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ეს ქვეყანა დააყენოს სწრაფი განვითარების გზაზე“, - განაცხადა დოლიძემ.