ავტორი:

"ლალიაშვილებს, ნათელაშვილებსა და ვერძეულებს შორის ქორწინება ადრე დაუშვებელი ყოფილა" - ბაზალეთში გავრცელებული გვარების ისტორია

"ლალიაშვილებს, ნათელაშვილებსა და ვერძეულებს შორის ქორწინება ადრე დაუშვებელი ყოფილა" - ბაზალეთში გავრცელებული გვარების ისტორია

"არაგვის ხეობის დაბლობი და მისი მკვიდრნი" (ეთნოგრაფიული საკითხები) - ეს ეთნოგრაფისა და პროფესორის როლანდ თოფჩიშვილის ცოტა ხნის წინ ელექტრონულ წიგნად გამოცემული ნაშრომია. აღნიშნულ წიგნში არაგვის ხეობის დაბლობისა და მის მკვიდრთა შესახებ ბევრი საინტერესო საკითხია თავმოყრილი. ერთ-ერთ თავი - "ბაზალეთს" ეხება, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ.

არაგვის ხეობა სამ განსხვავებულ გეოგრაფიულ ზონას მოიცავს: მთა, მთისწინეთი, დაბლობი/ბარი. ბაზალეთი დაბლობია და ბაზალეთი მხოლოდ მხარის სახელწოდება არაა, სოფლისაც, რომელიც ბაზალეთის პლატოზე, მდინარე ტინისხევის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.

როლანდ თოფჩიშვილი: "არაგვის დაბლობში მცხოვრებმა მოსახლეობის უმრავლესობამ გადმოცემით იცის, წინაპრები იქ საიდან არიან მოსული. მიგრაციის ამ პროცესს წერილობითი ძეგლები და საარქივო მასალებიც ავსებს. სოფელ ბაზალეთში ყველაზე დიდი გვარებია - ლალიაშვილი, ეპიტაშვილი, ნათელაშვილი, დურგლიშვილი, დიდებაშვილი, პაპიაშვილი, ვერძეული, ფოლადაშვილი, სანაშვილი, პატრიშვილი, სინჯარაძე, ზარიძე... 1781 წლის აღწერით სოფელ "ბაზალში" დასახელებული გვარებიდან ცხოვრობდნენ: პირმისაშვილები, ფეიქრიშვილები, ბოჭორაძეები, ყრინტაშვილები, გრიგოლასშვილები, დორეულები, მამსიკაშვილები. აღწერის დავთრით სოფელ ბაზალეთში მკვიდრობდა ასევე ნატრაძეები და დორეულები. ამ ორი გვარის წარმომადგენლები სოფელში თითო კომლის რაოდენობით დღესაც ცხოვრობენ. 1886 წელს ნატრაძეების 3 ოჯახი ცხოვრობდა (1833 წლის აღწერით, ნატრაძეები ბაზალეთის წმინდა გიორგის ეკლესიის გლეხები იყვნენ). ცხოვრობდნენ ყრინტაშვილებიც - 5 ოჯახი. 1886 წელს იქვე იყვნენ პატრიშვილები (3 კომლი), ფოლადაშვილები, ურიძეები, ღვინიაშვილები, უნდილაშვილები, მამსიკაშვილები, ნათელაშვილები, თათრიშვილი (ერთი კომლი), ჭიჭიკაშვილები, ბაზალი (1 კომლი).

ბაზალეთის ერთ-ერთი ასევე მკვიდრი გვარია შუშიაშვილი. 1840 წლისათვის იქ 12 კომლი შუშიაშვილი ცხოვრობდა, 1886 წელს ისინი უკვე 6 კომლზე ჩამოსულან. ეს გვარი ბაზალეთში, 1781 წლის აღწერაშიცაა დაფიქსირებული".

მეცნიერის თქმით, ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გვარია პარკაული (1940 წელს - 14 ოჯახი). მისი ნახევარი 1958 წელს მუხრანში გადასახლებულა. ომიანობის დროს 6 კომლი საცხოვრებლად შირაქის სოფელ ზემო ქედში გადასულა. პარკაულების პირველი გვარი უნდილაშვილი ყოფილა. გვარის შეცვლა ბაზალეთის ომის დროს მომხდარა, რადგან მათ წინაპარს პარკით ფული ტყეში გადაუნახავს. პარკაულები და უნდილაშვილები ერთმანეთთან ბიძაშვილობენ. ლალიაშვილი ჭართლის ძირძველი გვარია. 1886 წელს ბაზალეთში ლალიაშვილების 9 ოჯახი ცხოვრობდა. ჭართლიდან ლალიაშვილების ბაზალეთში გადმოსახლების მიზეზი საცხოვრებელი ადგილი იყო, ვიწრო, მთა-გორიანი, კლდიანი ადგილები არ მოსწონდათ. ლალიაშვილები დუშეთში 8 კომლი ცხოვრობს, ბაზალეთში - 18 კომლია". ირკვევა, რომ ვაჟები ამ გვარის ხალხს აუცილებლად ავენისის წმიდა გიორგის სალოცავში უნდა გაერია. ავენისი ანანურის გაღმაა და ლალიაშვილები იქ სალოცავად ნათელაშვილებსა და ვერძეულებთან ერთად მიდიოდნენ - ამ სამ გვარს შორის ადრე ქორწინებაც დაუშვებელი ყოფილა.

როგორც ეთნოგრაფი ამბობს, სოფელ ბაზალეთის ერთ-ერთი დიდი გვარია ეპიტაშვილი. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ეპიტაშვილების თავდპირველი განსახლების არეალი სოფელი არღუნია და 1781 წლის აღწერაში მოხსენიებულები არიან. 1886 წლის აღწერაში ეს გვარი ებიტაშვილადაა ჩაწერილი - ამ დროს ისინი იქ უკვე 9 კომლის ოდენობით იყვნენ.

"ჩვენა ვართ ლეკიანობის დროს წინათ რომ დაეცნენ ლეკები... ჩვენი წინაპარი, ეპიტაანთ ბავშვი სოფელ არღუნიდან წაიყვანეს ლეკებმა. მერე ის გაიზარდა ლეკებში, მეცხვარე იყო. ერთ ღამეს სიზმარი ნახა: ეხლა შენი გზა ხსნილია, ადექი და წადიო. კავკავში მოსულა, სადაც ერთი არღუნელი მღვდელი ყოფილა. ამ მღვდელს შეენახა. ჩვენი წინაპარი ქართულს ვერ ლაპარაკობდა, მარტო არღუნს ამბობდა თურმე. არღუნში რომ ჩამოსულა, ყველაფერი, სახლ-კარი დანგრეული დახვედრია. მერე ბაზალეთში მოსულა და ბატონს, ჭილაშვილს, დასდგომია მოჯამაგირედ. ბატონს არ ეყმო, გამოეგდო და მას მხოლოდ საპანჩურო ნაკვეთი მიუცია სოფელ პარკაულების ზეიდან (პარკაულები იქვეა ბაზალეთთან). მერე ერთი დათოშვილი ყოფილიყო, მდიდარი კაცი და, როგორც შვილი, იმათ ისე მიითვისეს. მერე ჩემ წინაპარს შვიდი ბიჭი ეყოლა. ამ დათოშვილს კვრინჩხიანში მიეცა ადგილი, სადაც სახლი გააკეთა. ეხლა იმის ნაშენი ოც კომლამდე ვართ" (მიხა დიმიტრის ძე ებიტაშვილი, 73 წლის, სოფელი ბაზალეთი, 1977 წ.).

ბაზალეთიდან ეპიტაშვილები სალოცავად სოფელ არღუნში დადიან, მათი სალოცავი ხატია "ცეცხლიჯვარი", რომლის დღეობა 7 მაისსაა. სხვა ეთნოგრაფიული მასალებით, ეპიტაშვილებს თავდაპირველად სოფელ მარტყოფში უცხოვრიათ და იქედან ყოფილან, თუმცა ჯერ არღუნში დასახლებულან. არღუნის ცეცხლიჯვრობას, რომელიც 7 მაისს უწევს, ლოცულობდნენ აგრეთვე სოფელ ქერანაში მცხოვრები ჯავახიშვილები და არღუნელი ჯანგირაშვილები. ცეცხლისჯვრის სალოცავში ჭიაბერაშვილებსა და სხვა გვარებს თავისი "ბინები" ჰქონიათ, სადაც ისინი დღეობის დროს დაბინავდებოდნენ ხოლმე...

სოფელ ბაზალეთში მოსახლე ვერძეულები, როგორც აღვნიშნეთ, ავენისის წმიდა გიორგის ეყმობოდნენ. გადმოცმით, ისინი ჭართლიდან არიან. 1886 წელს სოფელში ვერძეულების 8 კომლი ცხოვრობდა. ამავე სოფელში მცხოვრებ ზარიძეებს შემდეგი გადმოცემა აქვთ: ამ გვარისანი სოფელ არანისში სამი ძმა ყოფილა. ერთი თიანეთში დასახლებულა, მეორე - საგურამოში და მესამე - ბაზალეთში. საგურამოდან შემდეგ ძაგნაკორას სოფელ დავათშიც გადასულან. მართლაც, ზარიძეები აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მთისწინეთში ფართოდ იყვნენ განსახლებული - ხევსურეთში (ხორნაულების ადრინდელი გვარია), ზემო თიანეთში, სადაც ამ გვარის სახელის მქონე სოფელიცაა. XVIII საუკუნის აღწერის დავთრების თანახმად, ზარიძეები მართლაც ცხოვრობდნენ ძაგნაკორაში და არანისში. 1886 წელს ზარიძეები ჯერ კიდევ არ ცხოვრობდნენ ბაზალეთში.

ბაზალეთში გუდამაყრის სოფელ კიტოხიდან არიან გადმოსახლებული დიდებაშვილები. დიდებაშვილების ძირითადი გვარი წინათ ბექაური ყოფილა. 1886 წლის საოჯახო სიებით, ბაზალეთში დიდებაშვილების 6 კომლი მკვიდრობდა. ბაზალეთში მთიულეთიდან არიან მოსული დურგლიშვილების წინაპრები, რომელთა ადრინდელი გვარია ქავთარაძე. მთიულეთიდან ხუთი ძმა წამოსულა, რომლებსაც ბაზალეთში მიწა უყიდიათ. ხუთი ძმიდან ოთხი ერთ ღამეს მომკვდარა. დღევანდელი დურგლიშვილები მეხუთე, გადარჩენილი ძმის შთამომავლები არიან.

სოფელ ბაზალეთში მკვიდრობენ პაპიაშვილებიც, რომელთა შვიდი კომლია დადასტურებული 1866 წლის საოჯახო სიებში. ამ გვარის წინაპარი ზესიძედ მოსულა ქსნის ხეობის სოფელ გრუდან. XIX საუკუნეში სოფელ გრუში 5 კომლი პაპაშვილი ცხოვრობდა. ცხოვრობენ აგრეთვე ფასანაურსა და კობიანთკარში, დუშეთის გაღმა. 1781 წელს აქ ამ გვარის ერთი კომლი მკვიდრობდა. ქსნის ხეობიდან ბაზალეთში გადმოსახლებული არიან აგრეთვე დორეულები (1886 წელს 1 კომლი), ილურიძეები (1886 წელს 5 კომლი). დორეულები იქ ჯერ კიდევ 1781 წელსაც ცხოვრობდნენ.

ეთნოგრაფიული მასალებით, ბაზალეთში ნათელაშვილების წინაპრები ფშავის უძილაურთა თემიდან გადმოსახლებულან: თავდაპირველად ხევსურეთის სოფელ უკანახოდან ფშავში სამი ძმა: გელანა, ბაგრატა და დათიკო წამოსულა. იქიდან ჯერ ჟინვალის მახლობლად, სოფელ ავენისში გადასახლებულან, შემდეგ ბაზალეთში გადასულან. როდესაც ეს სამი ძმა ბაზალეთში მოვიდა, აქ ლალიანი, ნატრაძიანი და ეპიტაანი დახვდათ. მათ უთქვამთ - ეს ძმები აქ დავაყენოთ, ლეკებს არ მოუშვებენო და დაუსახლებიათ ბაზალეთის წმინდა გიორგისათვის შეწირულ ადგილზე. ამიტომ ნათელაშვილები ამ ხატს ჩაბარდნენ. ბაზალეთის წმინდა გიორგის დეკანოზი ლალიაშვილებიდან და ნათელაშვილებიდან ხდებოდა... უძილაურების შთამომავლობის სამი ძმა ბაზალეთში უკვე ნათელაანთ გვარს ატარებდა და სამ საძმოდ იყო გაყოფილი. გელანას შთამომავლობა, პაპანი და დათიკოს შთამომავლობა - ძაღლაური და დათიკანი... როდესაც ბაზალეთში ჩამოსულან, მაშინ გელანას თან ლაშარის ჯვარი გამოჰყოლია და მისი სამოსახლო ადგილის გვერდით "დაბრძანებულა".

ასეთი გახლავთ ბაზალეთში მოსახლეობის დასახლებისა და გავრცელებული გვარების გარკვეული ნაწილის ისტორიები.