"დექსამეტაზონს დიდი ხანია ვიყენებთ კორონავირუსის სამკურნალოდ და კარგ შედეგს იძლევა" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ AMBEBI.GE -სთან საუბრისას განაცხადა.
ბრიტანული კვლევის შესახებ საუბრისას მან აღნიშნა, რომ "დექსამეტაზონთან" დაკავშირებული ინფორმაცია საქართველოსთვის აღმოჩენა არ არის.
ინფექციონისტის თქმით, აღნიშნული მედიკამენტი პათოგენეზურ იმუნოთერაპიაში დღემდე აქტიურად გამოიყენება და შედეგიანი აღმოჩნდა კორონავირუსის რთული შემთხვევების მკურნალობაში.
"დიდი ხანია კორონავირუსის სამკურნალოდ ერთ-ერთ საცდელ მედიკამენტად გამოიყენება "დექსამეტაზონი", მაგრამ რამდენად არის იგი უნიკალური საშუალება, ამაზე ვერაფერს გეტყვით. დანიშნულების სახით ჩვენ ეს მედიკამენტი არ გამოგვიყენებია, თუმცა კორონავირუსის მძიმე შემთხვევების დროს ჩავრთეთ იგი მკურნალობის პროცესში და კარგი შედეგი აჩვენა.
საერთოდ, დექსამეტაზონი გაუკუღმართებული იმუნური პასუხის დასათრგუნად კარგად მუშაობს. ამასთან, იგი პათოგენეზურ თერაპიაში გამოიყენება და არა - სამკურნალოში.
იგივე შემიძლია ვთქვა პრედნიზოლონზეც, რომელსაც ჩვენ ისევე ვიყენებთ, როგორც "დექსამეტაზონს". ვერ გეტყვით, რომ ამ კვლევის შემდეგ უფრო აქტიურად გამოვიყენებთ დექსამეტაზონს და ხშირად დავუნიშნავთ მათ პაციენტებს. ჩვენ მას საჭიროებისამებრ აქამდეც ვიყენებდით და კვლავ გამოვიყენებთ" - ამბობს მარინა ენდელაძე.
ბრიტანელი ექსპერტების თქმით, იაფ და ფართოდ გავრცელებულ პრეპარატ "დექსამეტაზონს" შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სიცოცხლე გადაარჩინოს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანელი ექსპერტები ამბობენ, რომ წამალი ეფექტურად იბრძვის ვირუსის წინააღმდეგ. მეცნიერებმა შესაბამისი კვლევა ჩაატარეს, "დექსამეტაზონთან" დაკავშირებული ცდები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მკვლევარები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ წამალი ეფექტურია.