შეუძლებელია, თანამედროვე ქართული ლიტერატურა გიყვარდეს და არ იცნობდე აკა მორჩილაძის შემოქმედებას, რომელიც ყველა თაობის მკითხველის რჩეულია.
მისი დეტექტივების ტრილოგია, „სანტა-ესპერანსა“, „მოგზაურობა ყარაბაღში“, „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ - ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მკითხველმა გამოსვლიდან მალევე შეისრუტა.
გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, „ტავერნა „ათი სექტემბერი“ და „ქალაქის მელიები“ „იკითხე ქართულის“ სერიაში გამოეცა. ეს ორი მოთხრობა ოციოდე წლის წინ დაიწერა და პირველად 2012 წელს გამოიცა. სულ ახლახან კი წიგნი მეორედ გამოვიდა და უკვე იყიდება ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში. მისი ყდის დიზაინი სერიის მთავარ დამახასიათებელ ხაზს მიჰყვება და ქართული ისტორიული ქსოვილებიდან აღებული ორნამენტებითაა გაფორმებული.
„აკა ეშმაკი და ანცი მთხრობელი, შემტყუებელი და იმის მოწადინე, რომ აი, ახლა ვუყოფ თვალს მკითხველს და მოვატყუებ და გავამასხრებ კეთილად და სიცილით, სიცილით, რომელიც სამყაროს კეთილი უსასრულობისა და საკუთარი გულუბრყვილობის ერთდროულად დანახვისას იბადება“, - წერს ლიტერატორი ზაალ ჩხეიძე წიგნის წინასიტყვაობაში. ვინც აკას ნაწარმოებებს იცნობს, მიხვდება, რატომ მიაჩნია იგი ზაალ ჩხეიძეს ამგვარ მწერლად.
„აკა ხომ მოყოლის კაცია, მოყოლის მწერალი, სულ ყვება, მაგასთან ლანდებიც კი ისეთები არიან, რომ ხელი შეევლებათ, ისეთები არიან, წყალი შეასხა, ნამს მოიკიდებენ. მე ეგრე მიყვარს თქმა, რომ აკა პლუტარქეს ბუნებისაა, მისი ნაპირის მწერალია-მეთქი.
პლუტარქე არი პირველი, რომელმაც გადაწყვიტა, არ იქნება ცუდი, ადამიანური ამბები ადამიანებს ადამიანურად რომ მოვუყვეო. ჰოდა, აკი აკაც ამბობს, თუ კაცს კითხვა უყვარს, იოლად მიხვდება, რომ კაპიტანი ბლერი და გრიკი ძველი მეგობრები არიანო“, - ამბობს ზაალ ჩხეიძე.
აკა მორჩილაძე ერთ-ერთი გამორჩეულია იმ მწერლებს შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოჩნდნენ. მისი ნაწარმოებები გაჯერებულია ძველი ამბებით, უცნაურით და საინტერესოთი, რთულით და, ამავე დროს, საოცრად მარტივით. მწერალი საოცარი ოსტატობით გვაჩვენებს სხვადასხვა პერსონაჟის ხასიათს, მათ ცოდვებს, ვნებებს, სიკეთეს, სიყვარულსა და გარდაცვალებას...
„ჰოლანდ პარკში იმ ჩემს სკამზე ვიჯექი და მერლინ მონროს ველოდებოდი“, - ასე იწყებს ავტორი ნაწარმოებს „ტავერნა ათი სექტემბერი“. ინტერესი პირველივე ფრაზიდან გეუფლება და სანამ წიგნს ბოლომდე არ ჩაიკითხავ, ადგილს ვერ პოულობ.
იმ მრავალრიცხოვან უცხოურ ლიტერატურას შორის, რომელსაც ყოველწლიურად ვეცნობით, მნიშვნელოვანია ქართული მწერლობის თვალსაჩინო ნიმუშებიც და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ეს ნაწარმოებია, რომლის კიდევ ერთხელ გაცნობის საშუალებასაც „პალიტრა L”-ის პროექტი „იკითხე ქართული“ გვაძლევს.
ცოტა რამ აკა მორჩილაძის შესახებ:
აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) 1966 წელს თბილისში დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“-ს 6 ჯილდო. მისი თითქმის ყველა რომანი ბესტსელერად იქცა. მათ შორის, „სანტა-ესპერანსა“ ითარგმნა და გამოიცა გერმანულ ენაზე. მისი „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ კი პიესად ადაპტირდა და პირველად 1999 წელს ახმეტელის თეატრში დაიდგა. აკა მორჩილაძე დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ავტორია.