დედაქალაქის მერია თბილისში ავტობუსების რაოდენობას გაზრდის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, 15 მარშრუტია განსაზღვრული, სადაც მგზავრთა ნაკადი გაცილებით დიდია და ამ მარშრუტებზე ტრანსპორტის რაოდენობა 20-25%-ით გაიზრდება.
„დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის მონიტორინგს. მგზავრთა რაოდენობა კვლავაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული და თითქმის განახევრებულია, ვიდრე ეს იყო პანდემიამდე არსებულ პერიოდში. თუმცა, გამოვლენილია რამდენიმე პრობლემური მარშრუტი, სადაც მგზავრთა ნაკადი გაცილებით დიდია. ასეთია ჯამში 15 ხაზი, რომელზეც მოძრაობს 120 ავტობუსი. შესაბამისად, თბილისის მერია გეგმავს, აღნიშნულ ხაზებზე 20-25%-ით გაზარდოს ავტობუსების რაოდენობა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადატვირთულობის პრობლემაა, რის გამოც ეპიდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა გართულებულია.