ავტორი:

ძაღლი პატრონის "საპოვნელად" ტრაილერს თურქეთიდან ჩამოჰყვა - ემოციური ამბავი, რომელიც გულს გაგითბობთ

ძაღლი პატრონის "საპოვნელად" ტრაილერს თურქეთიდან ჩამოჰყვა - ემოციური ამბავი, რომელიც გულს გაგითბობთ

ამბავი იწყება ასე: მანქანა გარკვეული პროდუქციით თურქეთში დაიტვირთა და საქართველოსკენ დაიძრა. იარა, იარა და თბილისში ტრაილერებისთვის განკუთვნილ სადგომამდეც მოაღწია. გააღეს კონტეინერი და იქიდან გამხდარი, სულს რომ ღაფავდა, ისეთი ძაღლი გადმოხტა, რომელიც ტერიტორიაზე მყოფმა ძაღლებმა არ გააჭაჭანეს და გვერდით ავტოსარემონტო ბოქსებისკენ გაიქცა, ძაღლები იქაც იყვნენ, თუმცა მათ რატომღაც „უცხოტომელი“ ტერიტორიაზე შეუშვეს და ისიც სანდო ხელებში, ლადო სულიაშვილთან მოხვდა.

ლადო სულიაშვილი მოტოციკლების ტექნიკოსია. ბავშვობიდან უყვარს ცხოველებთან ურთიერთობა, მათ მიჩვეულია, ამბობს, - ლეკვი სულ მყავდა, ვაჭმევდი, ვეფერებოდი, სახლში ამყავდაო.

- რაც გავიზარდე, მათდამი სიყვარულის გრძნობა მომემატა, ძაღლებზე და საერთოდ ცხოველებზე ზრუნვის დიდი ინტერესი გამიჩნდა... თითოეულს შეუძლია სიყვარული, გინდა ჯიშიანი იყოს და გინდა - უჯიშო, მიუსაფარი. ისინი უდიდეს სითბოს იძლევიან. მერე ხვდები, რომ ეს არსება შენზეა დამოკიდებული, შენი დანახვა აბედნიერებს, ყველაფერი, თუნდაც მოფერება, თავზე ხელის გადასმა ძალიან ახარებს...

სადაც მიმუშავია, იქ ყოველთვის მოკედლებულა ძაღლი და შემიფარებია, დღემდე ასეა... ხანდახან ცხვარიჭამიაში ავდივარ ხოლმე და ძაღლებს ვაჭმევ, რადგანაც საბადურის ტყეში ბევრს აჰყავს ძაღლი და ტოვებს... მოკლედ, ასე დატოვებული ძაღლი ცხვარიჭამიის მიმდებარედ საკმაოდაა, გზაზე რომ მიდიხარ, გხვდებიან... ახლა სამსახურში მყავს ერთი კურცხალი და კიდევ ორი ჩვეულებრივი ძაღლი. რომლებსაც მე ვუვლი“ - გვიყვება ლადო.

- გვიამბეთ ძაღლზე, რომელმაც თქვენამდე უჩვეულოდ მოაღწია... შეიძლება ითქვას, თურქეთიდან თქვენს საპოვნელად ჩამოვიდა...

- ჩვენი სამსახურის გვერდით ტრაილერების პარკინგია. ერთ-ერთი ტრაილერის კონტეინერში, რომელიც თურქეთიდან ჩამოვიდა, ძაღლი აღმოჩნდა. ცუდ მდგომარეობაში იყო, სიარულიც არ შეეძლო. როგორც ჩანს, მძღოლმა, მთელი მისი მოგზაურობის მანძილზე, არ იცოდა, რომ მანქანაში ძაღლი იყო მოხვედრილი...

ძალიან გამხდარი აღმოჩნდა, ყველა ძვალი ეთვლებოდა, შენიშნეს, თუ არა, მანქანიდან გადმოხტა და ჩემი სამსახურისკენ გამოიქცა. ჩვენი ძაღლები უცხოებს არ უშვებენ და რატომ შემოუშვეს, არ ვიცი. როგორც ჩანს, პარკინგის ძაღლებმაც არ გააჩერეს... რომ ვნახე, მოვეფერე, ვაჭამე, ძალიან თბილი ძაღლია, დავმეგობრდით და მეგობრობას ვაგრძელებთ.

სამ თვეზე მეტია, რაც ჩემთანაა. მოსულიერდა, მოიკეთა, არადა, რომ ვნახე, ისე იყო, ცოტაც და შიმშილით მოკვდებოდა, სიცოცხლის გაგრძელების არანაირი ნიშან-წყალი არ ჰქონდა.

- რა ჯიშია?

- მონადირეს მეტისია, „ნაბა“ დავარქვი. ჩემს ახლობელს ჰყავდა საყვარელი ძაღლი ნაბა, ჩემთან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა, ვუყვარდი. როდესაც ამისთვის სახელს ვარჩევდი, ის „ნაბა“ გამახსენდა. ხასიათებით ერთმანეთს ჰგვანან. ძალიან მეგობრულია, თბილი, შანსი არ არის, რომ ვინმეს ზედმეტად დაუღრინოს ან უკბინოს. თამამია, ცოტა - ცანცარაც, მანქანებზე დახტუნაობს, მაგრამ რაც არ უნდა უთხრა, - დაჯექი, ადექი - ყველაფერი ესმის.

ისე შემეჩვია, იმ დღეს უბრალოდ წყალი შემასხეს, გამეხუმრნენ და გადაირია. მოკლედ, ჯერ სამსახურში მყავს და მოგვიანებით აგარაკზე უნდა წავიყვანო. ორი დღის წინ ოპერაცია გავუკეთეთ - ყურზე იქაური „ბირკა“ ჩამოჰყვა, ცუდად ჰქონდა გაკეთებული და დაუჩირქდა. ოპერაცია კარგმა ექიმმა გაუკეთა და ყურის მოჭრა საჭირო აღარ გახდა.

- მოკლედ, კარგი ინტუიციაც ჰქონია, რომ მოგაგნოთ.

- ვფქირობ, რომ საერთოდ, ყელაფერს გრძნობენ, განსაკუთრებით იმას, რასაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ. ამათ საოცრად აქვთ გრძნობის ორგანოები განვითარებული. დარწმუნებული ვარ, ისეთ ადამიანთან, ვინც მათ უარყოფს და ცუდად ექცევა, არც ერთი ძაღლი გაჩერდება და არც მივა. შემიმჩნევია, როცა ადამიანს ცუდი აურა აქვს, ცხოველები არ უყვარს, ზიზღით უყურებს, ძაღლი ამას გრძნობს... მოკლედ, თუ ვინმეს ერჩის, ტყუილად არა.

- რა უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც ძაღლის აყვანა უნდა?

- ვისაც არ უყვარს, ახლა რაიმე რომ ვუთხრა, შეიძლება, ვერ გაიგოს იმ დამოკიდებულების და სითბოს შესახებ, რასაც ძაღლი ადამიანის მიმართ გამოხატავს. ცუგას ყოლაში სანერვიულო არაფერია, უბრალოდ, ყურადღების მიქცევა უნდა. რასაც გაუკეთებ, სამმაგად სიყვარულით, ერთგულებით, სითბოთი, დაცვით დაგიბრუნებს.

მზრუნველი ადამიანის მიმართ დიდი სიყვარული გააჩნია. ისეთი ბედნიერი სახით გიყურებს, რომ არც გიყვარდეს, შეგიყვარდება. როგორ უნდა დატოვო ასეთი თბილი არსება გარეთ, ვიღაცის იმედად?! ეს არაადამიანობა მგონია.

ჯიშიან ძაღლებში ათასობით და ასობით დოლარის გადახდას, ერთი და ორი უბრალოდ მიტოვებული ძაღლი რომ შეიფარონ, ჩემი აზრით, უფრო სწორი საქციელი იქნება.

მშობლებმა ბავშვებს ძაღლის ყოლა არ უნდა დაუშალონ. მე მშობლებისგანაც მქონდა ბიძგი, - ინტერესი რომ გამიჩნდა, ხელი არ შეუშლიათ, თუთიყუში მყოლოდა, მყავდა კუ და არაერთი ცხოველი, ფრინველი. ხომ ვამბობ, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რადგანაც მათაც უყვართ ცხოველები. ვცდილობთ, ნარჩენი საჭმელი არ გადავყაროთ და ძაღლებს ვაჭამოთ, ასე რომ, ჩვენგან მზრუნველობა არ აკლიათ. მოკლედ, ძაღლის ყოლა სასიამოვნო საქმეა.