COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანებისგან, რომლებიც ვირუსის უსიმპტომო მატარებლები არიან, ვირუსის გავრცელების შემთხვევები, იშვიათია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.
“მონაცემებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ძალიან იშვიათია უსიმპტომო პაციენტისგან ვირუსის გადადების შემთხვევები. გვაქვს ანგარიშები ქვეყნებიდან, რომლებიც დეტალურად იკვლევენ კონტაქტებს, ისინი ვერ პოულობენ უსიმპტომო პაციენტებისგან გადადების შემთხვევებს, ან ძალიან იშვიათად პოულობენ“, - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა, ექიმმა მარია ვან კერხოვმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო მეტი კვლევა სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე კორონავირუსის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და სწრაფ გამავრცელებლებად ვირუსის მქონე უსიმპტომო პაციენტები მიიჩნეოდნენ, თუმცა ახლა სპეციალისტები ასე აღარ ფიქრობენ.
Covid-19 ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით ვირუსით 7,2 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის გარდაიცვალა 408,744 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3.5 მილიონს აღწევს. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ესპნაეთი, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, იტალია, პერუ, გერმანია და ირანი.
ამასთან, ჯეჯერობით კვლავ არ არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც მედიკამენტი. ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მსოფლიოს 18 თვეში ექნებოდა შესაბამისი ვაქცინა. მასზე დაჩქარებული ტემპით მუშაობენ სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები და თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, ვარაუდობენ, რომ შემოდგომის მიწურულისთვის, უკვე ვაქცინა მზად იქნება.(გაეცანით ვრცლად: რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა)