"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აშშ-ის სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელზე ღია წერილს ამზადებს.
გაზეთ "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ბურჯანაძე 8 აგვისტოს, "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ ჯონ მაკკეინის წერილს გამოეხმაურა, სადაც სენატორი საქართველოში დემოკრატიის არსებობისა და კანონის უზენაესობაზე საუბრობს, პარალელურად კი, გმობს რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს.
"ძალიან მაინტერესებს სად დაინახა მაკკეინმა საქართველოში კანონის დიქტატურა; ან, რუსეთისგან განსხავავებით, რატომ არაფერს წერს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შესახებ, რის მაგალითადაც 6 მაისის ინციდენტიც საკმარისია, როცა თბილისის პოლიციის სამმართველოსთან თავები დაუტეხეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ასევე საინტერესოა, აპატიებდა თუ არა მაკკეინი ბარაკ ობამას, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დაკარგვას.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორი რეალურ ინფორმაციას საქართველოში არსებულ ვითარებაზე არ ფლობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის გაურკვევლია, რაში მდგომარეობს საქმე.
"ამერიკა ჩემთვის დემოკრატიის სიმბოლოა და იმედს გამოვთქვამ, რომ ბატონი მაკკეინი რჩება არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ საქართველოს მეგობრად; მე ამ კითხვებით მას, პირდად წერილობით მივმართავ", - განაცხდა ბურჯანაძემ.