45 წლის ალექსანდრე ივანოვმა, რომელიც ვარკეთილში დააკავეს, პოლიციაში ჩაბარებამდე დედას დაურეკა და უთხრა, რომ "მის მოკვლას აპირებდნენ". როგორც ლალი ივანოვმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, მისი შვილი ამბობდა, რომ გარეთ გასვლის ეშინოდა, რადგან სახლი პოლიციელების ალყაში იყო.
"დამირეკა თბილისიდან და მითხრა, უნდა მომკლანო და მეშინია გარეთ გასვლისო. ჩემს სახლს ალყა შემოარტყა მილიციამო. მე ვუთხარი, რა მოხდა, რა არის-თქო. ვიყავი სახლშიო, ერთი გაისროლა თუ ეგონა რომ ისროდნენ და მაგანაც გაისროლა, ეს არ ვიცი. მეუღლე, ორი შვილი - ერთი გოგო და ბიჭი ჰყავს. ხშირად რაღაც ხდებოდა ოჯახში... მთავარი ის არის, რომ არ მოკლეს და წაიყვანა სასწრაფომ,“ - აღნიშნა დაკავებულის დედამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
ცნობისთვის, ვარკეთილში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიცია მოლაპარაკებებს აწარმოებდა მამაკაცთან, რომელიც ბინაში იყო ჩაკეტილი და იქიდან უმისამართოდ ისროდა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც.
მამაკაცი ბინაში მარტო, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი სახლიდან სროლა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. მამაკაცი მონადირეა და საკუთარი, რეგისტრირებული სანადირო თოფიდან ისროდა.
მეზობლები ჰყვებოდნენ, რომ მამაკაცს სავარაუდოდ, კონფლიქტი შვილებთან მოუვიდა და მათი იარაღით შეშინება სცადა. რის შემდეგაც მისმა ორმა შვილმა სახლი დატოვა.
"45 წლამდე ასაკის მამაკაცია. სიფხიზლეში არის არაჩვეულებივი ადამიანი, კარგი მეოჯახე, მეზობლები აღნიშნავენ ასე, მაგრამ ახლა იმყოფება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არის არაადეკვატური. ბავშვების მიმართ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი შესაშინებლად, ბავშვები გამოიქცნენ სახლიდან. თვითონ სახლშია ჩაკეტილი და არ შემოდის კონტაქტში. ბევრჯერ გაისროლა, მაგრამ მისი მიზანი არ არის ვინმეს მოკვდინება" - აცხადებს შემთხვევის ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცის ცოლ-შვილი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება გაეწია თავად დაკავებულსაც.
"მოლაპარაკებების შედეგად აღნიშნულმა პიროვნებამ საცხოვრებელი სახლი დატოვა, ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ არის. არავინ დაშავებულა ღონისძიების შედეგად. ამ ეტაპისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდება.
აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შესაბამისად, მასთან რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, რის შემდეგაც მან გადაწყვეტილება მიიღო და ის საცხოვრებელი სახლიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ, არავის საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა სირაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცის დაკავება სსკ-ის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მოხდა, რაც პოლიციელებზე თავდასხმას გულისხმობს.