ორშაბათიდან, 8 ივნისიდან, „ბიბლიის განმარტებების“ მე-10 ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:
ერთმა კარგმა ადამიანმა დამირეკა ამას წინათ და "ბიბლიის განმარტებების" პროექტის გამო მადლიერებას ვერ ფარავდა, ისეთი სიტყვები თქვა, მე მომერიდება გამეორება... რა თქმა უნდა, გამიხარდა, მაგრამ მხოლოდ ის კი არა, პროექტი რომ მოსწონს (უფალს მადლობა ამისთვის), არამედ ის, რომ კაცს, რომელიც თავად არაერთი ძალიან კარგი თეოლოგიური წიგნის ავტორი და გამომცემელია, ჩვენი პროექტის წარმატება გულწრფელად უხარია და ხედავს მის მნიშვნელობას, თანაც მირეკავს და მეუბნება ამის შესახებ.
რატომ არის ეს გასახარი ფაქტი? იმიტომ, რომ დღეს ძალიან გვიჭირს სხვის მიერ გაკეთებული საქმის ობიქტურად შეფასება (თუმცა აქვე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს პროექტი თავიდან ბოლომდე უფლის ნებითა და მისი წყალობით, მისი შეწევნით კეთდება, ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვართ ამ მნიშვნელოვანი საქმისა), შური უფრო გვეხერხება, განკითხვა, განქიქება. ექიმთან რომ მიხვალ, თუ სხვა ექიმის ლანძღვით იწყებს შენი ნდობის მოპოვებას, ნუ გეგონება, რომ ის უშეცდომო იქნება.
პოლიტიკოსი რომ მოდის და სხვა პოლიტიკოსის ლანძღვით სურს დაგაჯეროს, თვითონ როგორი კარგია - ის სხვა კი როგორი არაფრის მაქნისი, არც მისგან ელოდე სიკეთეს... თუ ადამიანს სხვისი საქმის ობიექტურად დანახვა და შეფასება არ შეუძლია, მისგან დიდ საქმეებს ნუ დაველოდებით! სიკეთით, სიყვარულით, სიმშვიდით და სიმართლით მოსული გულწრფელი ადამიანები სჭირდება ჩვენს ქვეყანას! ერის თავისუფლებას თავისუფალი ადამიანები ქმნიან!
***
სხვის უბედურებაზე საკუთარის აგება რომ არ შეიძლება, სხვისი სიმშვიდის დარღვევით ჩვენსას რომ ვერ მოვიპოვებთ, ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ არის ეს საკმარისი? სხვას რომ არაფერს დავუშავებ, ვარ კი მე ადამიანი? ჩემთვის რომ ვიქნები და შენ - შენთვის, რა გამოვა ამით?
სხვისი ბედნიერებისთვის, სხვისი სიმშვიდისთვის, საკუთარის დათმობა თუ შემიძლია, აი მაშინ მაქვს ცხელი გული, მაშინ გაცოცხლებულა ჩემში სიყვარული... ადამიანად ყოფნა ყოველდღიური გმირობაა, ყოველდღიური კი არა, ყოველწამიერი...
ჩემი ფიქრი და გონება საჩემოდ თუ არ იქნება მომართული, შენზე ფიქრს თუ შევძლებ, შენი ტკივილის გათავისებას, შენი თვალებით თუ დავინახავ შენსავე საწუხარს - აი, მაშინ მერქმევა ადამიანი... ჩვენ კი... ეჰ, ჩვენ კი...
მე ასე მინდა... ჩემთვის ასეა უკეთესი... მთავარია, მე ვიყო კარგად... - ეს არის ჩვენი მოქმედების საზომი და ათვლის წერტილი... მერე კი გვიკვირს, რატომ ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს და ბედნიერებას...
გული გვაქვს ცივი... უსიყვარულო... უღმერთოდ ვცხოვრობთ... ერთმანეთისთვის სიცოცხლე შეგვძლებოდეს! ადამიანად ყოფნის სიხარული ვისურვოთ, ჩემო ტკბილო მეგობრებო...
***
რამდენი კაციც არის, იმდენი ბრძოლაა, რაც უფრო სუფთა და წმინდა გეჩვენება ადამიანი, მით დიდი ბოროტი ებრძვის და მით მეტი მახე აქვს დაგებული...
ეს ბრძოლები ერთი დიდი სამკვდრო-სასიცოცხლო ომის ნაწილებია...
მე რომ დავეცი, მე რომ მტკივა, შენ თუ არ მომეშველე, ორივე დავმარცხდებით... მე თუ მეგონება, რომ შენი დაცემით მე გავიმარჯვებ, მეც წავაგებ ომს - აი, ეგეთი კანონები აქვს...
ახლა ყველანი ძალიან დავიღალეთ და მით უფრო გვმართებს ერთად დგომა... უფალი შეგვეწიოს ჩვენ-ჩვენს ბრძოლაში! დიდი გამარჯვება გვეზეიმოს ყველას ერთად...
უფლის შეწევნით!
***
მინდა ვიცოდე, მაქვს თუ არა თავმდაბლობა? მაშინ უნდა ვნახო, როგორ დავითმენ შეურაცხყოფას! და რას ნიშნავს შეურაცხყოფის დათმენა?
გულში უნდა ჩავიხედო და თუ შეურაცხყოფის მერე წყენა არ დამრჩენია, ისევ ძველებურად მიყვარს ჩემი მაჭირვებელი, შემიძლია ძველებურად გავუღიმო, ძველებურად ვილოცო და დავიწვა მისთვის, მაშინ ჩემს სულს ამპარტავნება დაუმარცხებია...
ჩვენ კი ერთი გადაბრუნებული სიტყვა ვერ გვიპატიებია ახლობელი ადამიანებისთვისაც კი და სამტროდ გადავეკიდებით ხოლმე ერთმანეთს... აბა, სად არის ჩვენი თავმდაბლობა?
***
მეათე ტომში ზირაქის სიბრძნისა და ესაიას წიგნის განმარტებები შევიდა.
რამდენიმე ფრაგმენტს მოვიტან ზირაქის სიბრძნის წიგნიდან და მათ განმარტებებს:
რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი - ვინც გადაწყვეტს დაადგეს სიქველის გზას, არ უნდა შეუშინდეს იმ დაბრკოლებებს, რაც ამ გზაზე შეხვდება. მან უნდა იცოდეს, რომ ეს დაბრკოლებები ღვთისგანაა დაშვებული და მისივე რწმენის გამოცდასა და სათნოების განმტკიცებას ემსახურება.
ნუ გეიმედება შენი ქონება და ნუ იტყვი, საკმარისი მაქვსო - ადამიანის მიწიერი შენაძენი არამდგრადია და ეს ქონება კეთილ¬დღეობას არ უზრუნველყოფს. დღევანდელი მდიდარი ხვალ შეიძლება ღატაკად იქცეს. Eამას ეხმიანება ფსალმუნის სიტყვებიც: `ნუ დაამყა¬რებთ იმედს მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; თუ გაგიმრავლდა სიმდიდრე, გულს ნუ მიიდრეკ მისკენ~ (ფს. 61. 10).
პატივი და უპატიობა სიტყვებშია და კაცის დამღუპველი მისი ენაა - ჭკვიანი და ღვთისსათნო სიტყვები - ადამიანის პატივია, უგუნური და უღვთო სიტყვები კი - უპატიო და დამღუპველია მისთვის. “რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული” (მთ. 12.37).
მშვიდობისმყოფელნი მრავლად გეყოლოს, რჩევის მომცემნი კი - ათასიდან ერთი - შენ მიმართ კეთილგანწყობილი ყველა ადამიანი როდი მოისურვებს ან შეძლებს, იყოს შენი ერთგული, ბრძენი მრჩეველი და წინამძღოლი.
“კეთილის მომტანი რჩევა სიკეთე და სიბრძნეა. ეს რომ შეგეძლოს, თავად უნდა იყო კეთილიც და ბრძენიც. სიბრძნე კი გამოცდილებაშია. საერთოდ, ადამიანმა უნდა ილო¬ცოს, რომ უფალმა მიმადლოს კეთილი რჩევის მიმცემი” - წმინდა გაბრიელი (ურგებაძე).
ნუ იტყვი, მოხედავს იგი ჩემი ძღვენის სიმრავლეს და, როცა მაღალ ღმერთს მივართმევ, შეიწირავსო - ღვთის გარეგნული თაყვანისცემა, რომელსაც შინაგანი თაყვანისცემა არ ახლავს თან, უფლის თვალში სრულფასოვანი არ არის. გარეგნულ სამსხვერპლოზე მიტანილ მსხვერპლს უნდა ერწყმოდეს შინაგანი მსხვერპლი ღვთისა და მოყვასის მიმართ, ადამიანის მიერ საკუთარი გულის საკურთხეველზე აღვლენილი.
მაშ ასე, 8-დან 14 ივნისამდე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, მე-10 ტომი! არ გამოგრჩეთ!
2-12 ივნისის ჩათვლით კი მე-7, მე-8,მე-9 ტომების შეძენას, კვლავ სპეციალურ ფასად, 15 ლარად შეძლებთ, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, რადგან პანდემიის დროს ბევრმა ვერ მოასწრო შეძენა.