ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა არცერთ მაჟორიტარულ ოლქში არ განიხილება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
შესაბამისად, უწყებაში ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავდაცვის მინისტრმა შესაძლოა, კახეთის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს კენჭი, მიზანმიმართულ სიცრუეს უწოდებენ.
„გვსურს საზოგადოებისთვის მკაფიოდ განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მიზანმიმართული სიცრუე და ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, არცერთ მაჟორიტარულ ოლქში არ განიხილება. თავდაცვის მინისტრის პრიორიტეტს წარმოადგენს სამხედროების ზრუნვისა და მზადყოფნის ამაღლების მიზნით, თავდაცვის ძალებში დაწყებული ძალიან ამბიციური რეფორმები და მოდერნიზაციის გეგმა. მინისტრი სრულად ფოკუსირებულია მათ წარმატებით განხორციელებაზე“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში.