ავტორი:

სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ათავისუფლებენ - მიხეილ კალანდიას ბიძა

სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ათავისუფლებენ - მიხეილ კალანდიას ბიძა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ბიძის, დიმიტრი კაკუბავას განცხადებით, სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ათავისუფლებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" მიწოდებულ წერილში კაკუბავა აცხადებს, გიორგი ჯანაშია ძალიან მალე თავისუფალი იქნება. თუმცა, რა მექანიზმებით მოხდება მისი გათავისუფლება, არ აკონკრეტებს.

„არაფერი ახალი და მოულოდნელი ჯანაშიას განთავისუფლებაში ჩემთვის არაა იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი ჯანაშიას ბიძები, ვანო და სერგი ნაკაიძეები გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანები არიან, აფინანსებენ ბოკერიას გუნდს, ფლობენ ტელევიზიებს და სავარაუდოდ აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკური სიტუაციის მართვაში. მე პატივისცემით ვეკიდები მათ მცდელობას დაიხსნან თავიანთი დისშვილი და სულაც არ მინდა ჩემმა განცხადებამ ხელი შეუშალოს მის გათავისუფლებას. ჩემთვის გაუგონარი და ამაზრზენია სარალიძის ქმედებები. მისი გააქტიურება ახლა ისევ თამაშის ნაწილია, ცდილობს ყურადღების გადატანას ჯანაშიას განთავისუფლებიდან შოთაძეზე აბსურდული წერილების მიწერით. ეს ზუსტად იმეორებს მის გააქტიურებას პროცესებზე ბატონ ზურაბ თოდუაზე თავდასხმით, როცა ფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება უზენაეს სასამართლოში ჯანაშიასთან. მისი მცდელობა დაეფარა სიმართლე ჩემზე საჩივრით, თუ რატომ გავასაჯაროვე გუგა ბარბაქაძის დაკითხვის ვიდეო, ჩავარდა. სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდაა მიცვალებულების სულებით მოვაჭრე მშობლები. მიზანი რისთვისაც თავდაუზოგავად ვაჭრობდა სარალიძე მიღწეულია, დღედღეზე გიორგი ჯანაშია სახლში იქნება. სამწუხაროდ, ამ ვაჭრობაში სარალიძე აჰყვა ბოკერიას გუნდს. მათი მცდელობა მიშა კალანდიას დაჭერის შანტაჟით სუბელიანს მიეცა მათთვის რაღაც ჩანაწერები ვანო მერაბიშვილის გაყვანისა, დამთავრდა წარმოუდგენელი შედეგით, დაიჭირეს და მიუსაჯეს 15 წელი მოზარდს, რომელსაც არავინ არ მოუკლავს. შედგა გარიგება, გაწირეს კალანდია, ყველამ ხელი დაიბანა და რაც ამაზრზენია, ხელი მოითბო ამ საქმეზე. ცალკე აღსანიშნავია ქალბატონი ლონდარიძე, მოსამართლის ვიდეოებზე, სადაც 8 საათის განმავლობაში მესიჯობს და ვიღაცეებს ასმენინებს დახურული სხდომების დეტალებს,საოცარი კომენტარი აქვს. ეს სიმართლის მოყვარული და პირდაპირი ქალბატონი უცებ აცხადებს, რომ მან ამის შესახებ არაფერი არ იცის, და თვალებს არ უჯერებს. ალბათ დაელოდება გამოძიებას ან დირექტივებს", - აცხადებს კაკუბავა.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებითაც, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია, შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდეს.

ადვოკატის განცხადებით, გიორგი ჯანაშიამ დაინახა მის მიერ გაწეული ღვაწლი ხელისუფლებისა და პროკურატურისადმი და ახლა ვადაზე ადრე გათავისუფლებას სწორედ ამიტომ ითხოვს.

„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ჯანაშიას მიმართ ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვა სინამდვილეს შეესაბამება. გიორგი ჯანაშიამ გადახარშა მის მიერ გაწეული ღვაწლი ხელისუფლებისა და პროკურატურიწ წინაშე, რაც მან კალანდიას ბრალთან მიმართებაში გააკეთა. უფრო წონადი გახადა მისი ჩვენება, რომელიც საქალაქო სასამართლოზე მისცა, რომ თითქოს მიხეილ კალანდიას ხელში დანის მაგვარი საგანი დაინახა და ახლა შეპირებული რაც იყო, იმაზე ადრე ითხოვს გათავისუფლებას. საქმე ისაა, რომ ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა მიხეილ კალანდიას მიმართ და მაშინ, როდესაც უკვე ხელისუფლებას გაუჭირდა, პროკურატურამ ჯანაშიასთან და მის ოჯახთან დაიწყო მოლაპარაკება, რომ მას შეეცვალა მოთხოვნა. საკასაციო ინსტანციაში ჯანაშია აუცილებელი მოგერიების ფარგლებით საქმის დაკვალიფიცირებას ითხოვდა. შემდგომ მან ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ მიხეილ კალანდიას წინასწარ განზრახული ჰქონდა სარალიძის მკვლელობა. ჯანაშია ხედავს, რომ ხელისუფლებისთვის მიცემული ეს სამსახური ხელისუფლებისთვის არაჩვეულებრივია, კოზირი უჭირავს ხელში და ეუბნება, რომ თუ ახლა უდოთი არ გაუშვებენ, ადგება და იტყვის იმ ჩინოსნებს, ვინც ამ ჩვენების მისაცემად დაიყოლიეს.

ამის სანაცვლოდ კი მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. ნაცვლად 11 წლისა, მიიღო 4 წელი თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი მოხდილი ჰქონდა და ფაქტობრივად, 2021 წლის დეკემბერში უნდა გათავისუფლებულიყო“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ მედიაცენტრ „მთავარში“.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია არიან მსჯავრდებულები. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა, მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.