„მე არ ვარ ნეონი“ – ეს ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ახალი წიგნია. 2019 წლის ბესტსელერის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის” ავტორის მეორე რომანის შეძენა წიგნის მაღაზიებში უკვე შესაძლებელია.
თუ გაინტერესებს, როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ ქვეყნად არავის უყვარდე, მაშინ ეს წიგნი უნდა წაიკითხო. წიგნში არის ნამდვილი ამბები, რომლებსაც იშვიათად ჰყვებიან, არის გამოგონილი ამბები, რომლებსაც ჰყავთ მთხრობელი, და კიდევ არის ნამდვილი ამბები, რომლებიც გამოგონილს ჰგავს.
„მე არ ვარ ნეონი“ – ეს წიგნის დასახელებაა. ხოლო იმას, ვინ არის ნეონი თუ რა არის ნეონი – ამას წიგნიდან შეიტყობთ. ავტორს სურს გვითხრას, რომ ყველა ჩვენგანშია ნეონი, მთავარია, მას გაბრწყინების საშუალება მივცეთ, როგორც ეს წიგნის მთავარმა პერსონაჟმა შეძლო, ამაღლების აღმართის გავლით. ვარსკვლავები კი იმიტომ ანათებენ, რომ მათზე დიდი რაოდენობით ნეონია.
„ამბავი ნამდვილია და ჩემთვის, ავტორისთვისაც, იმდენად სულის შემძვრელი იყო მისი მოსმენა, რომ მაშინვე გადავწვიტე წიგნად მექცია და მიმეტანა ადამიანებისთვის, ვისშიც რაღაც დოზით მაინც არსებობს ნეონი,“ – გვიყვება ნიკოლოზ ტოტოღაშვილი.
„შევეცადე ნეონის დრამატული ისტორია, ცოტათი სასიყვარულო ურთერთობებით გამეფერადებინა. ვფიქრობ, ეს წიგნი არ არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცხოვრების ფერადი სათვალიდან ყურება უყვარს. წიგნი ერთგვარი საქართველოს უახლესი ისტორიაა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ბოლო რამდენიმე ათწლეულში საქართველოში მცხოვრები ადამიანების ისტორია. „მე არ ვარ ნეონი“ არის მარტივი მაგალითი იმისა, რომ დრო ბუმერანგია და სამყაროში არსებობს კანონზომიერებები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად გვიბრუნებს იმას, რაც გავეცით წარსულში. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ჩვენმა წარსულმა შეცდომებმა შექმნას ჩვენი საშინელი მომავალი და რომ ცხოვრებაში არაფერი იკარგება, რასაც გავცემთ და საპასუხოდ ყოველთვის ვიღებთ, კარგს ან ცუდს. საბოლოოდ კი, როდესაც ჩვენს შეცდომებს გავიაზრებთ, შეიძლება, ძალიან გვიან იყოს. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანშია ნეონი, მთავარია, მას გაბრწყინების საშუალება მივცეთ. მკითხველი გაიცნობს არა მხოლოდ ნეონს და კატოს, არამედ საქართველოში არსებულ ამჟამინდელ სოციალურ მდგომარეობას; დაინახავს დღეს არსებულ ურთიერთბებს, როგორ მართავს ანგარება არა მხოლოდ სასიყვარულო, არამედ მეგობრულ და თქვენ წარმოიდგინეთ, დედაშვილურ ურთერთბებსაც კი. მინდა, რომ მკითხველმა წიგნის დახურვის შემდეგ მშვიდად თქვას „მე არ ვარ ნეონი“ ან თუ ოდნავ მაინც ექნება განცდა, რომ ნეონია, შეეცადოს და ამაღლების აღმართზე ასვლას შეუდგეს,“ – ასე ახასიათებს რომანს ავტორი.
რომანი გამოსაცემად გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ მოამზადა. წიგნის დიზაინერები ანა მაჩაიძე და მარიტა ჯანაშია არიან, რედაქტორი კი – ლია თოფურია. ლია თოფურია აღნიშნავს, რომ მისთვის ამ რომანზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო იყო.
„სამყაროსავით ძველ და მარადიულ თემას, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილს ეძღვნება ახალგაზრდა, საინტერესო ავტორის _ ნიკოლოზ ტოტოღაშვილის რომანი „მე არ ვარ ნეონი“. ცნობილია მოსაზრება, რომ თითოეულ ჩვენგანში თანაბრად არსებობს ორივე საწყისი _ კეთილისა და ბოროტისა, და აქ სწორედ საქმე გვაქვს ადამიანის სულში მიმდინარე დაუნდობელ ბრძოლასთან ამ ორ ძალას შორის, ცოდვასა და სინანულს შორის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ცოცხლად არის დახატული ნაწარმოების პერსონაჟები, ერთმანეთთან უცნაური ბედისწერით გადაჯაჭვული რთული და საინტერესო პიროვნებები; და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთავარი გმირი. უკიდურესი ეგოცენტრიზმით შეპყრობილ ამ არსებაში მხოლოდ დიდი უბედურება და დიდი გრძნობა აღვიძებს ადამიანს, და ხდება ერთ შეხედვით წარმოუდგენელი რამ _ სრული გარდაქმნა... ვურჩევ წიგნის მოყვარულებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მკითხველებს, წაიკითხონ „მე არ ვარ ნეონი“,“ – აღნიშნავს რედაქტორი ლია თოფურია.
წიგნის შეძენა „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში უკვე შესაძლებელია.