ლაგოდეხში ადგილობრივმა მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა, რა დროსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა. ადგილობრივები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამედ შეიკრიბნენ. მოსახლეობა სასმელ წყალზე მრიცხველების გაუქმებას ითხოვს.
მათი განცხადებით, ონკანის წყალს სასმელად ვერ იყენებენ, ამის მიუხედავად, კი საფასურს სულადობის ნაცვლად მრიცხველის ჩვენებით იხდიან, რაც კომუნალურ ხარჯებს აორმაგებს.
"მეტი აღარ შეიძლება,სასმელი წყალი არ ვარგა,სარწყავი არ გვაქვს. ონკანებში დაბინძურებული წყალი მოედინება. ამის მიუხედავად, დააყენეს მრიცხველები და თვეში 100-150 ლარის გადახდა გვიწევს," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მათთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტება,რამაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
მათი განცხადებით, მრიცხველების გაუქმება დებეტს შეამცირებს და წლის მიწოდება ვეღარ მოხდება.
ცნობისთვის, ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რა დროსაც გაკეთდა ორი სათავე ნაგებობა, სამი ახალი ჭაბურღილი და 123 - კილომეტრიანი წყლის სისტემა სრულად შეიცვალა.