ავტორი:

"თუ თბილისს 550 ავტობუსი ემსახურებოდა, დღეს 1 500 გვჭირდება" - რა წესების დაცვა მოგვიწევს, რომ ტრანსპორტი COVID-19-ის გავრცელების კერა არ გახდეს

"თუ თბილისს 550 ავტობუსი ემსახურებოდა, დღეს 1 500 გვჭირდება" - რა წესების დაცვა მოგვიწევს, რომ ტრანსპორტი COVID-19-ის გავრცელების კერა არ გახდეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოში 31 მარტს აიკრძალა და მოძრაობა ორთვიანი პაუზის შემდეგ, 29 მაისიდან აღდგება.

როგორც პრემიერმა განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ. ამასთან, კახა კალაძის თქმით, ავტობუსების მძღოლებს დაევალებათ, რომ არ ჩართონ კონდიცირება, რადგან ფანჯრები უნდა იყოს ღია და სივრცე მაქსიმალურად განიავდეს.

რა ცვლილებები გველის ავტობუსებში, სამარშრუტო ტაქსებსა და მეტროში - ამის შესახებ AMBEBI.GE სატრანსპორტო სფეროს ექსპერტებს ესაუბრა.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის მოსაზრებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა და საზოგადოებისთვის მიწოდება, მნიშვნელოვანია.

- მთავრობამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რას აპირებს სატრანსპორტო მიმართულებით. თუ აქამდე ძალიან კარგად ვმართეთ COVID-19-ის ვითარება, არ გვინდა, ეს უსამართლობის განცდის გამო გაფუჭდეს - იხსნება სამსახურები, გადაადგილების და მობილობის ეტაპობრივად აღდგენის აუცილებლობა დგას, მაგრამ ტრანსპორტი არაა. გადაადგილების გარეშე კი, ეკონომიკური განვითარება წარმოუდგენელია.

VIDEO: ვენტილაცია, სტიკერები, გადამზადებული კონტროლიორები, თანხის უკონტაქტო გადახდა - სპეციალისტები განმარტავენ, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ტრანსპორტი ინფექციის წყაროდ არ იქცეს

მოქალაქეებისთვის გადაუდებელი მგზავრობებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა აუცილებელია, თუმცა ამასაც თავისი წესები აქვს, რომელიც შემუშავებულია, მაგრამ საჭიროა ადაპტირება და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. მაგალითად:

  • ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა;
  • საჭირო იქნება სტიკერების მიკვრა ან მიმართულების მიცემა, სად უნდა დასხდნენ მგზავრები;
  • ხელის სადეზინფექციო ხსნარი;
  • ერთი კარი შესასვლელი უნდა იყოს; მეორე - გამოსასვლელი;
  • უნდა იყოს ბარიერი მძღოლსა და მგზავრებს შორის და განიავება, ვენტილაციის სისტემა

ესაა ელემენტარული წესები, რაც ევროკომისიამ ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის გამოაქვეყნა და რაც თანმიმდევრულად უნდა იყოს დაცული, თუ გვინდა, რომ ტრანსპორტი COVID-ის გავრცელების კერა არ გახდეს.

მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო კამპანიაც - კორონავირუსის პერიოდი წარმატებით სწორმა კომუნიკაციამ გადაგვატანინა, გარდა იმისა, რომ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საქმე კეთდებოდა და თუ სწორად დავეკონტაქტებით საზოგადოებას, ამ პერიოდსაც ადვილად გადავლახავთ. მნიშვნელოვანია ადმინისტრირებაც - ისინი, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლს წესების დაცვაში უნდა დაეხმარონ, გადამზადებულები უნდა იყვნენ, უნდა იყოს მძღოლების მზაობაც. ზოგიერთ მძღოლს პირბადე არასწორად უკეთია და ეს მგზავრებისთვის ცუდია.

ქალაქის მერი ამბობს, მზად ვართო - ჩვენ გვაინტერესებს, რაში გამოიხატება კონკრეტულად მზაობა? ეს თუ გვეცოდინება, უფრო მშვიდად ვიქნებით. არ არის საკმარისი ის, რომ ავტობუსები გვყავს და დეზინფექციაა ჩატარებული

საჭიროა კადრები, რომლებიც დაარეგულირებენ და გააკონტროლებენ რიგს, სადეზინფექციო ხსნარები, განიავების სისტემა, რამდენად სრულფასოვნად მოქმედებს ეს სისტემა მეტროში... COVID-ის კონტექსტში სხვა ტიპის განიავებაზე ვსაუბრობთ, ისეთზე, რომ ვაგონებში ცირკულაცია არ მოხდეს და ვირუსი მგზავრებს ჰაერიდან არ გადაედოთ. ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს და გვინდა, პასუხებიც მოვისმინოთ" - აღნიშნავს ლალიაშვილი.

დედაქალაქისთვის საკმაოდ მტკივნეულ საკითხზე, სამარშრუტო ტაქსებზე საუბრისას კი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ისინი ჩასანაცვლებელია, თუმცა ერთი ხელის მოსმით ამის გაკეთება არ შეიძლება:

"არ მოგვწონს სამარშრუტო ტაქსები, როგორც სატრანსპორტო საშუალება და არ მოგვწონს მძღოლების ის კატეგორია, რომლებიც უსაფრთხოების წესებს უხეშად არღვევენ, ვემიჯნებით იმ დაურეგულირებელ ვითარებასაც ამ სატრანსპორტო საშუალებებში, მაგრამ, ასეთ რთულ ვითარებაში ერთი ხელის მოსმით მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ვერ მივესალმებით.

ეს საკითხიც განსახილველია, ამ ადამიანებს რა პერსპექტივა აქვთ შემდეგ თვეებში, ამ სატრანსპორტო საშუალებაში როგორ მოხდება მგზავრების გადაყვანა. ვისურვებდი, საკოორდინაციო ჯგუფი დაინტერესებულიყო ტრანსპორტის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებით თუ ექსპერტებით და საკონსულტაციო შეხვედრები გვქონოდა, რაც სწორ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს" - განმარტავს ლალიაშვილი AMBEBI.GE-სთან.

არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე თვლის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შეზღუდულობის პირობებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგანგებო მდგომარეობა არც მოხსნილა.

- შეუძლებელია ეფექტიანი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, თუ ადამიანებს არ აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა. ეს ეხებათ როგორც დასაქმებულებს, ისე - მომხმარებლებს. სახეზე გვაქვს ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკა. როდესაც ტრანსპორტის აღდგენაზე ვსაუბრობთ, ვაუქმებთ საგანგებო მდგომარეობას, ე.წ. კომენდანტის საათს და მოვუწოდებთ კერძო სექტორს, ნელ-ნელა აღდგეს ეკონომიკური საქმიანობა, ამ დროს კი ვტოვებთ საზოგადოებრივი, საქალაქთაშორისო, შიდასაქალაქო და სხვა ტრანსპორტის შეზღუდვას, ეს არათანმიმდევრულია.

შეგვიძლია, თამამად ჩავთვალოთ, რომ დღეს საგანგებო მგომარეობა ქვეყანაში არ მოხსნილა და ეს უბრალოდ, ფორმალობაა, რადგან თუ მოვხსენით, პირველ რიგში, ადამიანებს გადადგილების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ

ყველას არ შეუძლია, პირადი ავტომობილით გადაადგილდეს, არ აქვთ ფუფუნება, ინტენსიურად მიიღონ ტაქსით მომსახურების სერვისი, ეს მოსახლეობის 80% მაინცაა" - დასძენს ურუშაძე.

რაც შეეხება იმას, რომ პიკის საათში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრებით გადატვირთული იყო და როგორ შეიძლება ამის დარეგულირება პოსტკოვიდურ პერიოდში, ურუშაძე ამბობს, რომ გამოსავალი ადგილობრივმა თვითთმმართველმა ქალაქებმა უნდა მოძებნონ:

"თბილისის მერიამ აღდგენისთანავე მაქსიმალურად უნდა გაზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს დამატებით ხარჯებთან იყოს დაკავშირებული. ხარჯები თბილისის მერიამ უნდა გაიღოს, თან, ფაქტობრივად, 3 თვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ექსპლუატაციაში არ ყოფილა, ანუ საწვავთან, ელექტროენერგიასთან და სხვა მომსახურების ხარჯებთან დაკავშირებით არის დანაზოგი.

ასევე, თუ ჩვეულებრივ შემთხვევაში ავტობუსის ინტერვალი ერთ კონკრეტულ მარშრუტზე 15 წუთი იყო, ეს უნდა შემცირდეს 10 ან 5 წუთამდე, მაქსიმალურ დატვირთვაზე იმუშავოს, რათა მგზავრთა ნაკადების გადანაწილება მოხდეს და სიმჭიდროვე მინიმუმდე დავიდეს.

დამატებითი კონტროლის თვალსაზრისით კონტროლიორებს შეიძლება, დამატებითი ფუნქციები მიენიჭოთ - ისინი გააკონტროლებენ პირბადის ტარებას, სიმჭიდროვეს, უზრუნველყოფენ ნაკადების მართვას და ა.შ. ანალოგიური მოდელი უნდა იქნას გამოყენებული ყველგან, რეგიონებშიც - თუ ერთ კონკრეტულ სოფელსა და ქალაქს შორის 6 მარშრუტი სრულდებოდა, რომელიც გადატვირთული იყო, ეს რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

თუ ეს კერძო კომპანიებისთვის წამგებიანი იქნება, თვითმმართველი ქალაქები ვალდებულნი არიან, ჩაერიონ და მოახდინონ კომპანიების სუბსიდირება" - აღნიშნავს ურუშაძე.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის აზრით კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც უნდა აკრძალულიყო.

"იყო გამონაკლისი, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში ის ძირითადად არ აკრძალულა, რადგან განიხილება, როგორც მაგალითად, პოლიცია თუ სამედიცინო სამსახური, რომლის აკრძალვაც არ შეიძლება, რადგან ეს მოქალაქეებისთვის აუცილებელია.

დღევანდელი გადმოსახედიდანაც კარგად ჩანს - ვისთვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, ანუ სიღარიბის ზღვართან მყოფი ოჯახების, სოციალურად დაუცველებისთვის (მრავალ ასეულ ათასობით ადამიანზეა საუბარი), გადაადგილება აკრძალულია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ეკონომიკაც ვერ გაცოცხლდება, რადგან იგივე მარკეტებში, სამშენებლო ობიექტებზე, მუშაობენ ადამიანები, რომელთა ხელფასიც შეიძლება, 500-600 ლარი იყოს და ისინი ტაქსით ვერ ივლიან.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა აღდგეს სამმაგი რაოდენობით. ანუ, თუ მაგალითად, დედაქალაქს 550 ავტობუსი ემსახურებოდა, დღეს 1500-ზე მეტი ავტობუსი გვჭირდება, რათა მთავარი რეკომენდაცია შესრულდეს, რომელიც უკავშირდება მგზავრების დატვირთვას, რაც ტევადობის 50%-ს არ უნდა აჭარბებდეს" - ამბობს მესხიშვილი.

ის ასევე საუბრობს იმაზე, თუ კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის ზრდა და ამასთანავე, იმ რეკომენდაციების შესრულების გაკონტროლება, რაც კორონავირუსის გავრცელების შეკავებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება აუცილებელი:

"ამბობენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდისთვის ფული არაა. გასაგებია, ახლა გამორიცხულია 1000 ავტობუსის ყიდვა, მაგრამ საქართველოში 23 000 ავტობუსია რეგისტრირებული, რაშიც შედის საქალაქთაშორისი მიმოსვლა, მუნიციპალური ტრანსპორტი და ა.შ. ყველა გაჩერებულია, ანუ რესურსი, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი 550-ის ნაცვლად იყოს 1500 ან მეტი, არსებობს და ეს უნდა მოხდეს ყველა მუნიციპალიტეტში.

ქალაქის მერისგან გვესმის, რომ მზად არის და რა არის მზად, არავინ იცის. რა სამუშაოებია ჩატარებული? კონკრეტული რეკომენდაციებია შესასრულებელი:

პირველია ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა, მეორეა მძღოლის იზოლირება მგზავრებისგან სპეციალური გამყოფი მოწყობილობით, მესამეა ახალი სამსახური, რომელიც ევროპაში გაჩნდა და მგზავრის დამხმარე პერსონალი ჰქვია

ისინი კარგად გადამზადებული ადამიანები არიან, რომელთაც კორონავირუსზე ინფორმაცია აქვთ, იციან, როგორ ვრცელდება ის, როგორ შევუშალოთ ხელი და ა.შ. მთელი ჩვენი სისტემა დღეს რას აკეთებს? მომართულია დაჯარიმებებზე და აჯარიმებენ ადამიანს, რომელსაც შეიძლება, ინსტინქტურადაც დაავიწყდეს რაღაცის გათვალისწინება. ამიტომ სამსახური, რომელზეც მე ვსაუბრობ, სარეკომენდაციოა, არავის აჯარიმებს, უბრალოდ, ახსენებს მგზავრებს პირბადის ტარების საჭიროების შესახებ, ნახულობს მონიშნულ ადგილებს, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს მეტროსადგურში, ავტოსადგურში, ავტობუსში, მოქალაქეებს მიუთითებს, სად დადგნენ და ა.შ.

ასეთები შეიძლება იყვნენ გადამზადებული კონტროლიორები, შესაძლოა, მათი რაოდენობა საკმარისი არ იყოს, და სადაც ასე იქნება, მუნიციპალიტეტებმა დაამატონ. პლუს, ფანჯრები უნდა იყოს ღია, ბუნებრივი ვენტილაციაა საჭირო, რადგან კონდიცირების სისტემა აიკრძალა" - აღნიშნავს მესხიშვილი.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

დახურულ სივრცეში, ტრანსპორტსა და ტაქსში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ პოპულარული მოდელების შეძენა უპრეცედენტო ფასადაა შესაძლებელი