ავტორი:

BTU-ს ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

BTU-ს ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით ჩატარებული ოლიმპადა აბიტურიენტებისთვის კომაროვის სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა. ფულადი ჯილდო გადაეცა როგორც გამარჯვებულ მოსწავლეს, ისე მის მათემატიკის მასწავლებელს.

პირველ ადგილზე გავიდა თეიმურაზ თოლორაია და მისი მასწავლებელი დიმიტრი არაბიძე, მეორე ადგილზე – ლუკა კოპაძე და მასწავლებელი სოსო ქრისტესიაშვილი, მესამეზე კი – ლუკა მუშკუდიანი და მისი მასწავლებელი ვალერი ზატუაშვილი.

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ადგილების შესაბამისად 1000–1000, 700–700 და 500–500 ლარი გადაეცათ.

მე-12 კლასელი თეიმურაზ თოლორაია უკვე არაერთი ოლიმპიადის გამარჯვებულია.

„სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ ოლიმპიადაში ვიღებ მონაწილეობას. წლებია მათემატიკაში ვემზადები, რაშიც ძალიან მეხმარება ჩემი მასწავლებელი. ამ ოლიმპიადაში გამარჯვება კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარანტინის პირობებში მომიწია მომზადება, თუმცა ამას მოტივაცია არ შეუმცირებია და ვეცადე, ფორმა არ დამეკარგა. ოლიმპიადა საკმაოდ რთული იყო, განსაკუთრებული სირთულე მესამე ტურში გამოჩნდა. 10 ამოცანა 2 საათში უნდა ამოგვეხსნა და ამოხსნაც გაგვეფორმებინა. ახლა ეროვნულ ოლიმპადას ველოდები, რომლის შედეგიც საერთაშორისო ოლიმპადაზე მონაწილეობა იქნება,“ – აღნიშნავს თეიმურაზ თოლორაია.

ოლიმპადებს და კონკრეტულად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ოლიმპადას მიესალმებიან მასწავლებლებიც.

თეიმურაზის მასწავლებელი დიმიტრი არაბიძე 4 წელია, მას ამეცადინებს.

„ოლიმპიადა არის ერთ–ერთი, რაც ინტერესს უზრდის მოსწავლეს და რის გამოც გაძლიერებულად მეცადინეობენ. რიგ ოლიმპადებში გასამარჯვებლად 6–7 წლიანი მომზადებაა საჭირო. რაც შეეხება თეიმურაზს, მას მეშვიდე კლასიდან ვასწავლი. თავიდანვე ერთ–ერთი გამორჩეული მოსწავლე იყო. მოხარული ვარ, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. მისასალმებელია, რომ უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს მათემატიკას და მოსწავლეებში, აბიტურიენტებსა და სტუდენტებში მათემატიკური ცოდინის გაძლიერებას,“ – აცხადებს დიმიტრი არაბიძე.

ოლიმპიადა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირთან თანამშრომლობით ჩატარდა. კავშირი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და მას მათემატიკის კურიკულუმების განახლებაში ეხმარება. ოლიმპიადის ჟიურის წევრები მათემატიკოსთა კავშირის წევრები იყვნენ.

„საკმაოდ რთული ამოცანები იყო, თავისებურ მიდგომას საჭიროებდა. ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო ის მეთოდები და ხერხები, რომელიც ბავშვებმა გამოიყენეს. სწორედ ამიტომ ეს ოლიმპადა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ზოგადად, ოლიმპიადა არის ცოდნის შემოწმების კრიტერიუმი და ბავშვებს დიდ სტიმულს აძლევს. მათემატიკით დაინტერესებული აბიტურიენტების მხირდან BTU-ს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოვაჩინე, ბევრი აბიტურიენტი მიისწრაფვის ამ უნივერსიტეტისკენ და ეს ძალიან სასიამოვნოა. მიხარია, რომ ამდენი კარგი ბავშვი გამოაჩინა ჩვენმა ოლიმპიადამ,“ – აღნიშნა ჟურის წევრმა გელა კირთაძემ.

მათემატიკის ახალი ოლიმპიადა 3 ეტაპად ჩატარდა.