რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში საკარანტინო მდგომარეობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით, რომელიც 23 მაისს ამოქმედდა, იზოლაციისა და კარანტინის წესების ზოგადი რეგულაციებია განმარტებული, სადაც მითითებულია, მიმოსვლის, საგანმანათლებლო პროცესის, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვის, საზოგადოებრივი თავშეყრის, ეკონომიკური საქმიანობის და სხვა საკითხების რეგულირების შესახებ.
აღნიშნული დადგენილება დღეიდან ამოქმედდა და მისი მოქმედების ბოლო ვადად 2020 წლის 15 ივლისია მითითებული - სწორედ ამ თარიღმა გამოიწვია დაბნეულობა, რადგან ბევრმა ჩათვალა, რომ ზემოთჩამოთვლილი შეზღუდვები კიდევ დაახლოებით თვენახევრით გახანგრძლივდება.
თუმცა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით განგვიმარტეს, 15 ივლისი არის დადგენილების მოქმედების მაქსიმალური ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება, ისევე როგორც მოხდა ეკონომიკური საქმიანობების ნაწილის გახსნა, მოიხსნა საკარანტინე ზონები, ან შეზღუდვა ავტომანქანით სამზე მეტი პირის გადაადგილებაზე და ა.შ.
"საკოორდინაციო საბჭო მუდმივ რეჟიმში მსჯელობს ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როგორც კი გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ცვლილება განხორციელდება დადგენილებაში. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს" - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
შესაბამისად, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება, ტრანსპორტით გადაადგილება, შესაძლოა უახლოეს მომავალშიც აღდგეს.
ცნობისთვის, დადგენილების თანახმად, იქამდე, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები: