ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა პროცესებმა ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს მსოფლიოში პანდემიის არსებობაც კი დაავიწყა - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად ეკლექტური ახალი ოპოზიციური გაერთიანება, სადაც განსაკუთრებით აქტიურ ფიგურად, "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მოგვევლინა.
პოლიტიკური სახეცვლილება ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაში არამარტო შალვა ნათელაშვილმა განიცადა, მის მსგავსად სრულიად ახალი სახით ვიხილეთ ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, რომლის ამ შემადგენლობასთან ერთ მაგიდაზე დაჯდომას, რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა...
ყოფილი "ლეიბორისტი" სოსო შატბერაშვილი, რომელიც ამჟამად "მემარცხენე ალიანსს" ხელმძღვანელობს, ყოფილი ლიდერის პოლიტიკურ მეტამორფოზაზე საუბრობს და ამბობს, რომ ნათელაშვილმა ის და კიდევ რამდენიმე თანაპარტიელი გამოიყენა სააკაშვილთან ბრძოლაში რეალურად კი, ყოფილ პრეზიდენტთან გარიგებაში იყო:
- პარტიების გამოცვლა არ არის სათაკილო, პირადად მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმაც შევიცვალეთ, მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, რომ საქმე გვქონდა უპრინციპო, მეგობრების მოღალატე ადამიანთან. გვეგონა, რომ შალვა ნათელაშვილის მთავარი პრინციპი კონკრეტულ პარტიასა და ადამიანებთან ბრძოლა იყო, არადა, თურმე მათთან ბრძოლისთვის ჩვენ გვიყენებდა. სააკაშვილთან იყო გარიგებული და ჩვენ გვატყუებდა. ასეთი უპრინციპო პოლიტიკოსები ერთი და ორი კი არა, ათეულობით გვყავს.
თუ დასჭირდათ, ისევ შეიცვლიან პოლიტიკურ ხედვას. ახლა ხომ ვითომ პროდასავლურები არიან? თუ დასჭირდათ, ანუ დასავლეთმა დაფინანსება და ლობირება შეუწყვიტათ, პუტინმა რომ შესთავაზოთ, აწევენ ხელებს და პრორუსულები გახდებიან
ამაში ჩემს პირად მაგალითზე დავრწმუნდი: ნათელაშვილი პუტინთან დასტა-დასტად გზავნიდა თურმე წერილებს და კრემლში მიღებას იხვეწებოდა. თან არა მხოლოდ პუტინთან, ასევე, ვლადიმირ ჟირინოვსკისთან, ბორის გრიზლოვთან, იოსიფ კობზონთანაც კი... უნდა ნახოთ წერილები, როგორ აქებს და ადიდებს მათ, თუნდაც პუტინს...
- რას წერდა?
- ბატონო ვლადიმირ, თქვენ მსოფლიოსგან მეორე გეოპოლიტიკური კრახის გადამრჩენელი ხართ, რუსეთის ფედერაცია რომ არ დაინგრა, ამით მეორე პოლიტიკური კრახი ააცლეთ დედამიწასო... აქებდა ჟირინოვსკისაც... ეს მაშინ, როდესაც ამერიკის კონგრესში დარბოდა კონგრესმენებთან.
ჩვენ მივწერეთ კიდეც კონგრესს და გავაფრთხილეთ: თუ გულზე ამერიკის დროშა და თავისუფლების ქანდაკება აქვს დახატული, ზურგზე კრემლი აქვს ამოსვირინგებული-თქო.
- დიდი ყურადღება მიიქცია ფოტომ, რომელშიც შალვა ნათელაშვილი ირაკლი ოქრუაშვილსა და გიგი უგულავასთან ერთად არის გამოსახული. პოლიტიკოსებს მან ხელები ააწევინა სიტყვებით - "ერთად ვიქნებით, ქვეყანა გამარჯვებამდე მივა", მაშინ როცა დაახლოებით 3-4 წლის წინ უგულავას "სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ ჯალათს" უწოდებდა...
- სამარცხვინო იყო ნათელაშვილის საქციელი ირაკლი ოქრუაშვილთან და გიგი უგულავასთან შეხვედრისას! როდესაც უგულავა მერი იყო, მე, კახა ძაგანია, გიორგი გუგავა და პაატა ჯიბლაძე საკრებულოში ვიყავით, ნებისმიერი ბიუჯეტის განხილვისას, ნათელაშვილი უგულავას ჯალათს უწოდებდა, რადგან მათი ზონდერები გვაშინებდნენ და და 2005 წლის 2 დეკემბერს სასტიკად დაგვარბიეს... ამის შემდეგ, ლამის ყველა ბრიფინგის დროს გვარბევდნენ...
ამაზე რომ რომ ჰკითხეს ჟურნალისტებმა, უპასუხა: მაშინ ისე იყო საჭირო, ახლა ასეა საჭიროო. თურმე, სადაც დიდი ფული იშოვება, ყველაფერი შეიძლება! 5-მილიონიანი ბინის აშენებაც, იქ სადაც მისი მშობლების ქოხი იდგა. მამა-პაპისეულ სახლს უწოდებს როკშილდების სასახლის მსგავს შენობას, ფლორიდაში სახლი აქვს, ვენაში დუპლექსი აქვს, მეუღლის სახელზე ძალიან დიდი თანხა აქვს ავსტრიის ბანკში...
ამ ყველაფრის დოკუმენტები მაქვს შენახული და ნებისმიერ დროს შემიძლია ვაჩვენო ყველას! პატივცემულმა ნათელაშვილმა თავისი ცხოვრებით ყველას დაანახა, თუ როგორ შეიძლება 30 ვერცხლად გაიყიდო...
რახან ნათელაშვილით დავიწყე და მის "კარგ საქმეებზე" შიგნიდან ვიცი, იმიტომ ვისაუბრე მასზე, თორემ ირაკლი ოქრუაშვილზე რაღა უნდა ვილაპარაკო? რაც მას სააკაშვილმა გაუკეთა, საჯაროდ სალაპარაკოც არ არის! მკითხველი რომ მივახვედრო, ერთ დღეს ოპოზიციის მიტინგზე ვიყავი, სადაც მისი ადვოკატი, ეკა ბესელია გამოვიდა და თქვა: ამ საღამოს მოვინახულე ოქრუაშვილი, ძალიან მხნედ არის და აქეთ გვამშვიდებდა, მტკიცედ იყავით, ყველაფერს უნდა გავუძლოთო.
მეორე დილით ტელევიზორს ვრთავთ, სადაც ნაცემი ძაღლივით შეშინებული ოქრუაშვილი გამოვიდა და ბოდიშები იხადა: მტყუანი ვარ, სააკაშვილი მართალიაო... შემდეგ რა და როგორ ილაპარაკა, ყველამ ვნახეთ, როგორ ებრძოდა სააკაშვილს. ახლა კი, ისევ გამოდის და აცხადებს, მართალი იყო მიშა რომ დამიჭირაო... როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს ქვეყანა და ხალხი კი არა, ოჯახის წევრები ენდონ? ეს არის პოლიტიკური მეძავობა, რადგან ხორციელი მეძავობა ამათთან შედარებით ბევრად მაღალზნეობრივია" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბრისას შატბერაშვილმა.
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, წარსულის და მომავლის მქონე პარტიების ერთ პოლიტიკურ მაგიდასთან ჯდომა ერთი მტრის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რამდენად ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება, ამას დრო გვაჩვენებს. ექსპერტი გია ხუხაშვილი კი ამბობს, რომ ამ პარტიების გაერთიანება ერთადერთმა მიზეზმა განაპირობა - დადგნენ ნაკლები ბოროტების მხარეს.
- კონკრეტული გვარ-სახელების ჩამოთვლას აზრი არ აქვს, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ცვლილებებს გარკვეული მიზეზები და მოტივები ჰქონდა. ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ელიტას სახელმწიფოებრიობის მთავარი პრინციპები არეული აქვს - ვერ გაარკვია, სად მთავრდება პოლიტიკური და სახელმწიფო ინტერესი.
პოლიტიკური მოღვაწეობის დიაპაზონი საკმაოდ დიდია, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაკვეთო, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკოსმა ისე უნდა იმოქმედოს, სახელმწიფო ინტერესები არ დაზიანდეს. ეს ჩვენს პოლიტკოსებს არ ესმით და ხშირად უჭირთ პოლიტიკური და სახელმწიფო ინტერესების გარჩევა.
- ბოლო გაერთიანებამ და პრინციპების შეცვლამ, ყველა გააოცა - შალვა ნათელაშვილმა ნინო ბურჯანაძის, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა; გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს კიევში ესტუმრა, ციხიდან გამოსულმა ოქრუაშვილმა კი განაცხადა "სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყოო...
- ადამიანები ცდილობენ თავიანთ სახეცვლილებას შინაგანი გამართლება უპოვონ. ასევე, როდესაც ცდილობენ, გამოსავალი ორ ბოროტებას შორის იპოვონ, ყოველთვის ნაკლები ბოროტების მხარეს დგებიან, რაც გამოწვეულია იმ ძალის მოქმედებებით, რომელსაც ისინი უპირისპირდებიან, ამ შემთხვევაში ხელისუფლებასა და "ქართულ ოცნებას".
როდესაც საუბრობენ, ივანიშვილს ვიღაცამ უღალატაო, სინამდვილეში, გზას თავად ივანიშვილმა გადაუხვია. მაგალითად, დავით უსუფაშვილს არ გადაუხვევია თავისი პრინციპებისთვის, რის გამოც ივანაშვილთან იყო, მათ ამ თემაზე შეთანხმება ჰქონდათ, ამიტომ იყვნენ ერთ ბანაკში და არა მეგობრობის გამო. ასე რომ, ივანიშვილმა უღალატა პრინციპებს და არა უსუფაშვილმა - ივანიშვილს.
გვარ-სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც, პრინციპები მთავარი არასდროს ყოფილა, რომლებიც საკუთარ კეთილდღეობას ეძებენ და თუ ამას ვერ იღებენ, იწყებენ სხვა პოლიტიკურ ბანაკებში გადაბარგებას. ამიტომ, ოდესმე უნდა გავიაზროთ, რომ სახელმწიფო ასეთ უპრინციპო ადამიანებს არ ვანდოთ.
- სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების პარტიების გაერთიანება არაერთხელ გვინახავს... ამჯერად, რამდენად მყარი იქნება ახალი ოპოზიციური ერთობა?
- საკმაოდ ეკლექტური გაერთიანებაა და პრობლემა ისიც არის, რომ ეს ადამიანები რაიმე ფასეულობათა სისტემის გარშემო კი არა, ინტერესთა თანხვედრის გამო ერთიანდებიან, რაც ძალზე არასტაბილურია და მოკლევადიანი - როგორც ის კონიუქტურა იცვლება, იშლება. ახლა მათ საერთო ინტერესებში სახელმწიფოს შენება კი არა, ხელისუფლების დამარცხება და ძალაუფლებაში მოსვლაა. თუმცა, თუნდაც ამ ამოცანის გარშემო, ოპოზიციის რაიმე დიდ კონსოლიდაციას არ ველი...