კულინარიული ამბები, რომლებსაც მწერლისა და პოეტის, მარიამ ხუცურაულის ახალ წიგნში შეხვდებით, თავდაპირველად, "ფეისბუქ" დღიურების სახით იწერებოდა. ცოტა ხანში, ავტორს ქართველმა ემიგრანტმა ტიერი ბერიშვილმა ორი მონათხრობის - "დამბალი ხაჭოს ამბისა" და "KAKABEL-TEA"-ს ფრანგულ ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნება შესთავაზა; ცოტა მოგვიანებით კი ათი ასეთი ამბის პატარა საინფორაციო ბუკლეტად გამოცემა. თუმცა მარიამმა ბუკლეტს წიგნის გამოცემა ამჯობინა, რადგან უკვე ბევრი ასეთი ამბავი ჰქონდა მოყოლილი.
მერე კი იყო შეფასება იაპონელი ქართველოლოგის ჰაიატე სოტომესგან, რომელმაც ავტორს უთხრა, თქვენს მოყოლილ გემრიელ ამბებში საქართველოს ვხედავო.
"წიგნის სახით რომ დავალაგე ამბები, წელიწადის დროების მიხედვით, თვითონაც გამიკვირდა - ერთი ოჯახისა და საახლობლო-სამეგობროს ცხოვრების აღწერის ფონზე, მართლა შეიძლება დაინახო საქართველო - მისი ტრადიციებით, რიტუალებით, რამდენიმე თაობის თანაცხოვრების წესებით, გემოებით, ფერებით, მთით, ზღვითა და წარსულსა და მომავალს შორის უწყვეტი კავშირის არსებობით", - მარიამ ხუცურაული.
"მარილი გემოვნებით" ასე ჰქვია წიგნს, რომელსაც ავტორი "ბებოს ნამზითვი ქვაბის ამბებსაც" უწოდებს:
"ბებოს ნამზითვი ქვაბის ამბები" იმიტომ, რომ ყველა ამბავში აღწერილი რეცეპტი ტრადიციული, მრავალი წლისა და ბევრი ბებოს გამოცდილია; ბებოს, დედის, ოჯახის ქალის ხელების სითბო და მადლი მოსდევს", - აღნიშნავს ის.
წიგნში შეხვდებით “პილპილ-მარილით” გემრიელად შეზავებულ ნამდვილ ამბებს მამულის სიყვარულზე, დედა-შვილობაზე, და-ძმობაზე, მეგობრობაზე, ნათესაობაზე, ნაცნობობასა და მეზობლობაზე. აქ არის ამბები საქართველოზე... და იმაზე, რომ ყველაზე გემრიელი კერძები ოჯახში მზადდება.
„მარილი გემოვნებით“ უჩვეულო წიგნია - ბავშვობის ტკბილი მოგონებებით, სასაცილო თუ სევდიანი ისტორიებითა და გემრიელი რეცეპტებით შეზავებული წიგნი, რომელიც ერთი დიდი და მეგობრული სანათესაოს შესახებ მოგვითხრობს. რეალური ამბები, ნამდვილი პერსონაჟები, თხრობის მანერა, რომელსაც მსუბუქად დაჰკრავს ფშაური დიალექტისთვის დამახასიათებელი შტრიხები, წიგნს განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს. და, რაც მთავარია, „მარილი გემოვნებით“ ნამდვილი საგანძურია კულინარიის მოყვარულთათვის, რადგან ყველა ამბავი ამა თუ იმ გემრიელ, ძირძველ, ტრადიციულ ქართულ კერძს უკავშირდება და მათი მომზადების საიდუმლოსაც გვიმხელს“, - ირმა იანტბელიძე, რედაქტორი.
მარიამ ხუცურაულის ლექსები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრაში“ 2009 წელს და მას შემდეგ მისი ნაწარმოებები ხშირად იბეჭედება საქართველოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს შვიდი პოეტური და პროზაული კრებული.
მისი ახალი წიგნის შეძენა კი უკვე შესაძლებელია "ბიბლუსის" მაღაზიებში.