დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სოლიდარობის კვლევაში“, რითაც კორონავირუსზე პრეპარატ „რემდესივირს“ გამოცდიან, საქართველო ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების „ძალიან კარგი გამოცდილების“ მიხედვით შეირჩა.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ქართველ პაციენტებს „რემდესივირით“ შემთხვევითი შერჩევის შედეგად უმკურნალებენ, თუ მათთან პრეპარატის დანიშვნის საჭიროება იქნება. მისივე განმარტებით, პრეპარატი კორონავირუსით დაავადებულ მხოლოდ მძიმე პაციენტებს დაენიშნებათ.
„ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი "რემდესივირთან" დაკავშირებით. ეს პრეპარატი შექმნილია 2015 წელს კომპანია „გილიადის“ მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში.
"რემდესივირი“ შეიქმნა ებოლას ეპიდემიის დროს დასავლეთ აფრიკაში 2014-15 წლებში და გამოიყენებოდა ებოლას დროს. შემდეგ ეს პრეპარატი გამოიყენეს ჩინეთში, როდესაც იანვარ-თებერვალ-მარტში დიდი ეპიდაფეთქება იყო უხანში. ყველაზე მეტი გამოცდილება ამ პრეპარატის გამოყენების ჩინელებს აქვთ. დღეს "რემდესივირი“ გამოიყენება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ხელმისაწვდომია.
ხაზს ვუსვამ, ჯერჯერობით ის, რომ არსებობდეს მყარი მტკიცებულებები და კვლევები, რომ "რემდესივირს" განსაკუთრებული როლი აქვს COVID-19-ის მკურნალობაში, ანუ როგორი როლიც აქვს "სოფოსბუვირს" C-ჰეპატიტის მკურნალობისას, როდესაც ის სრულად კურნავს დაავადებას, ჯერჯერობით ამ ტიპის კვლევები დადასტურებული არ არსებობს. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო კვლევები, ამიტომაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ჩაატაროს „რემდესივირზე“ ე.წ. მულტიცენტრული კვლევა მრავალ ქვეყანაში და დაადასტუროს ან უარყოს ამ პრეპარატის სარგებლიანობა.
ამ ტიპის კვლევას „სოლიდარობის კვლევა“ ჰქვია და ის მრავალ ქვეყანაში ჩატარდება, მათ შორის ჩართულია საქართველოც იმის გამო, მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ანტივირუსული პრეპარატების სხვადასხვა დაავადებების გამოყენების დროს. მოგეხსენებათ, საქართველოს პრესტიჟი განსაკუთრებით ამაღლდა C ჰეპატიტის ელიმინაციის დროს პროგრამის განხორციელებისას. ვფიქრობ, ამიტომაც შეირჩა ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანად საქართველო ამ პრეპარატის გამოყენებისას.
როგორც მე ვიცი, ამ კვლევის დიზაინი დამთავრებულია, მიმდინარეობს ექიმების და ექთნების ტრენინგი, როგორ უნდა ჩატარდეს ეს კვლევა. პაციენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან, იქ სადაც შესაბამისი ჩვენება იქნება. "რემდესივირი" არ ინიშნება ყოველთვის, ის ინიშნება მძიმე პაციენტებში. იქნება შესაბამისი საკონტროლო ჯგუფები, რათა მივიღოთ ვალიდური, მტკიცებულებაზე დამყარებული ინფორმაცია პრეპარატის ეფექტურობის შესახებ“, - განაცხადა გამყრელიძემ.