ხელშეკრულება, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროს ჰოლანდიური წარმოების 30 ათასი სწრაფი ტესტები უნდა შეეძინა, შეუსაბამო ხარვეზის აღმოჩენისთანავე შეწყდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
მათივე თქმით, ხარვეზი უწყებამ დროულად აღმოაჩინა და იქამდე გაწყვიტა დადებული ხელშეკრულება, ვიდრე სახელმწიფო ტესტებს ოფიციალურად შეიძენდა.
"ტესტები ნაყიდი არ არის. შეუსაბამო ხარვეზი დროულად აღმოჩნდა და ხელშეკრულება მანამდე გაწყდა, ვიდრე ვიყიდდით," - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 24 აპრილის ხელშეკრულებით 30 ათასი სწრაფი ტესტი უნდა შეეძინა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამინისტროსთვის ჰოლანდიური მწარმოებელის 930 000 ლარის ღირებულების ტესტები უნდა მიეწოდებინა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ტესტები სინამდვილეში არა ჰოლანდიაში, არამედ ჩინეთშია შექმნილი.