კორონავირუსით გარდაცვლილ მეთერთმეტე პაციენტს, 81 წლის მამაკაცს ვირუსზე უარყოფითი პასუხი ჰქონდა, თუმცა ის მისი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მაინც დაიღუპა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "მოამბის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
"ამ პაციენტს მე ვიცნობდი, ბათუმში ყოფნის დროს გავეცანით. მას ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება, სასუნთქი სისტემის პრობლემები. ფაქტიურად, ეს პაციენტი აღარ იყო კოვიდინფიცირებული, კოვიდისგან განიკურნა - მას ვირუსზე ტესტი ჰქონდა უარყოფითი, მაგრამ იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა ფილტვების, პლევრიტი, მთელი რიგი სხვა დაზიანებები, ასაკის გათვალისწინებითაც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა.
ისიც უნდა ვთქვა, რომ გორის ჰოსპიტალში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ყველაზე ახალგაზრდა პაციენტს (45 წლის ქალი), ასევე აღარ ჰქონდა კოვიდინფექცია - პასუხი ვირუსზე იყო უარყოფითი, მაგრამ მას ჰქონდა ძალიან დიდი მოცულობის ჰემორაგიული ინსულტი და ის გარდაიცვალა ინსულტით" - განაცხადა ცერცვაძემ.
81 წლის მამაკაცი ე.წ "ქობულეთის კლასტერიდან" ბათუმის "მედალფას" კლინიკაში რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ, დღეს გარდაიცვალა. ერთი თვის წინ, კორონავირუსს ემსხვერპლა მისი მეუღლეც.