ავტორი:

სახალხო დამცველი: "ფსიქიატრიულის პაციენტს ორსულობა ვერ დაუდგინეს და ქალმა 37 კვირაზე საპირფარეშოში იმშობიარა"

სახალხო დამცველი: "ფსიქიატრიულის პაციენტს ორსულობა ვერ დაუდგინეს და ქალმა 37 კვირაზე საპირფარეშოში იმშობიარა"

სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეა საუბარი.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა არაერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევებს იწვევს.

კვლევაში მოყვანილია ფსიქიკური პრობლემების მქონე ორსული ქალის საქმე, რომელმაც ფსიქიატრიულის საპირფარეშოში იმშობიარა:

"ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საერთოდ ვერ მოხერხდა პაციენტის ორსულობის ფაქტის დადგენა. ამის თაობაზე სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში.

აღსანიშნავია, რომ პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობის ფაქტი ვერცერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი.

ჩანაწერის თანახმად, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ორსული ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის.

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებული კონსულტანტ-გინეკოლოგების საქმიანობის ფორმალურ ხასიათს.

მონიტორინგის პროცესში ერთ-ერთი პანსიონატის ბენეფიციარის სამედიცინო ისტორიიდან ირკვევა, რომ მიუხედავად დადგენილი ორსულობისა, ქალს ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში მაინც ეძლეოდა ფსიქოტროპული წამლები" - ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტებსა თუ ბენეფიციარებს შეზღუდული აქვთ ორსულობის განმავლობაში ანტენატალურ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის, და მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის მიერ მათი საჭიროებების უგულებელყოფის გამო.

მაგალითად, არც ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში პირის განთავსებისას, არც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დასტაბილურების შემდეგ, არ ხდება ქალთა ორსულობაზე ტესტირება. შესაბამისად, მკურნალობის განმავლობაში არ ხდება მედიკამენტების ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების გათვალისწინება.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ინსტიტუციებში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ორსულობის დროული გამოვლენა, და შესაბამისად, მკურნალობის დროს გამოყენებული მედიკამენტების ნაყოფის განვითარებაზე და დედის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გათვალისწინება. ორსულობაზე შემოწმება არ მიმდინარეობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი პირველადი პაციენტია ან გადმოყვანილია სხვა დაწესებულებიდან.

სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებლების ნაწილს ხელშეკრულებით ჰყავს დასაქმებული მეან-გინეკოლოგები, თუმცა მათთან გაფორმებული კონტრაქტი ფაქტობრივად ფორმალური ხასიათისაა.

მაგალითად, კონტრაქტის თანახმად, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მეან-გინეკოლოგი თვეში ერთხელ ახორციელებდა ვიზიტს და საშუალოდ 10-15 პაციენტს სინჯავდა. მეან-გინეკოლოგის გადმოცემით, მას პრობლემები ექმნება პაციენტთა მკურნალობისას, რადგან მის მიერ დანიშნულ წამლებს მენეჯმენტი ვერ შეისყიდის იმის გამო, რომ ბიუჯეტი ასეთ ხარჯებს არ ითვალისწინებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გინეკოლოგი მათი ჩივილების მოსმენის საფუძველზე აფასებს და ხშირ შემთხვევაში არ ხდება პაციენტის ვიზუალური დათვალიერებაც კი.

ნახეთ ვრცლად ანგარიში: ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ დასახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში

გვირილობის დღისადმი მიძღვნილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქცია

BTU ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ ღია ვებინარებს იწყებს

იქნება თუ არა ახალ წელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა - პაატა იმნაძის პასუხი