კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, აშშ-ის მთავრობის სამი მაღალჩინოსანი, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესს ხელმძღვანელობენ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ინფიცირების დაბალი რისკის მიუხედავად, კარანტინში გადავიდა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი.
ოფიციალური ინფორმაციით, 79 წლის ენტონი ფაუჩის კორონავირუსი პირველი ტესტირებისას არ დაუდასტურდა, თუმცა შემდგომი შემოწმებები ჩაუტარდება. ინფიცირებულთან კონტაქტი, ასევე, ჰქონდა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს, რობერტ რედფილდს. ოფიციალური ინფორმაციით, ის თავს ჯერჯერობით კარგად გრძნობს. მესამე მაღალჩინოსანი კი საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის რწმუნებული სტივენ ჰანსია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კორონავირუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის აპარატის წევრს დაუდასტურდა.