ავტორი:

"ნაცმოძრაობა" - ყალბი ინფორმაციის წყაროები ნაცვლიშვილის, ყანდიაშვილის და რამიშვილის ავტორობით, რუსეთი და "ქართული ოცნება“ არიან

"ნაცმოძრაობა" - ყალბი ინფორმაციის წყაროები ნაცვლიშვილის, ყანდიაშვილის და რამიშვილის ავტორობით, რუსეთი და "ქართული ოცნება“ არიან

მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ყალბი ინფორმაციისა და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ არიან, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობა“ "ფეისბუკის“ ადმინისტრაციის მიერ ყალბი და არაიდენტიციფირებადი გვერდების წაშლას.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ნაციონალური მოძრაობისთვის“ მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია.

"ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მათ პარტიაზე თავდასხმისგან.

"პირველ რიგში, მივესალმებით „ფეისბუკის“ ადმინისტრაციის მიერ ყალბი და არაიდენტიციფირებადი გვერდების, ფეიკ-ინფორმაციების გავრცელების აღკვეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის ლიდერები არიან მსგავსი გვერდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას. ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. მხარს დავუჭერთ ყველა რადიკალურ ღონისძიებას, რომელიც შეზღუდავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გვერდი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს ამ გვერდის ადმინისტრატორი, უნდა გაუქმდეს.

ჩვენი უმთავრესი პრინციპია - საჯარო, გამჭვირვალე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური აქტივობებით დავამარცხოთ "ქართული ოცნება“ სამართლიან არჩევნებში და ხელისუფლების აგრესიულ ფეიკ კამპანიას დავუპირისპიროთ ჩვენი თანმიმდევრული და მკაფიო გეგმა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა არსებული რთული მდგომარეობიდან. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ერთ დროს "ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ და კარგად იციან, როგორ საქმიანობდა და საქმიანობს პარტია, თავი შეიკავონ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმისგან.

ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიკ ინფორმაციის და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, "ქართული ოცნება“ არიან“, - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, "ფეისბუქის“ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საერთო ჯამში, ქართულ ინტერნეტსივრცეში წაიშალა 943 ანგარიში (ფეიჯი, პროფილი, ჯგუფი, ინსტაგრამის ანგარიში). მათგან 790 დაკავშირებული იყო ქართულ მედია ორგანიზაცია "ესპერსონასთან", ხოლო 153 "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან".