ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე "ფეისბუქზე" გაკეთებული კომენტარის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. სიძულვილის ენის შემცველი განცხადების გამო, რომელიც აბაშიძემ მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონაში მომხდარი ინციდენტის შესახებ გააკეთა, სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას!" მისი თანამდებობიდან მოხსნას მოითხოვს.
შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი პირველ მაისს მოხდა - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მისულ მედპერსონალს, სამართალდამცავებსა და სოფლის რწმუნებულს ოჯახის ახლობლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ქვებით დააზიანეს ავტომანქანები.
სწორედ ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ facebook-ზე კომენტარის სახით დაწერა: "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!"
მოგვიანებით აბაშიძემ კვლავ დაწერა კომენტარში: "კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს...ნიათ! გინდა აზერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი..."
როგორც სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას!" განცხადებაშია აღნიშნული ეთნიკური სიძულვილის შემცველი კომენტარის გამო, საქართველოს მთავრობამ და კონკრეტულად, კულტურის სამინისტრომ, დაუყოვნებლივ უნდა განიხილონ აბაშიძის თანამდებობიდან მოხსნის საკითხი:
"გავრცელებული ინფორმაციით, სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის პირადი ფეისბუკ-პროფილით გაკეთდა კომენტარი, რომლის თანახმადაც მარნეულის სოფლის მაცხოვრებლები უნდა "ჩაკეტონ და ამოხოცონ", რასაც თან ერთვის გინება. კიდევ ერთ კომენტარში ზაზა აბაშიძემ მათ ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები, მკვლელები უწოდა, აგინა და გაიმეორა, რომ ისინი უნდა გამოკეტონ.
გარდა ამისა, სოფელ მუშევანის მოსახლეობასა და ექიმებს შორის დაპირისპირებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ, მისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი მოლა და მუფთი „ცუდ როლს თამაშობენ" საკარანტინო ზონაში. მოგვიანებით, ამირან გამყრელიძემ ბოდიში მოიხადა ამ სიტყვებისათვის და განმარტა, რომ მისი მთავარი გზავნილი იყო ეთნიკური უმცირესობისათვის გასაგებ ენაზე ვირუსის შესახებ ცნობიერების გაძლიერება, რელიგიური ლიდერებისა და ადგილობრივი საჯარო პირების მეტი ჩართულობით.
პლატფორმა "არა-ფობიას!"-თვის კატეგორიულად მიუღებელია ზაზა აბაშიძის კომენტარები. მისი პოზიცია აღვივებს ეთნიკურ შუღლს და გამოხატავს არაჰუმანურ დამოკიდებულებას ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ, რითაც ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას.
აღსანიშნავია, რომ ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, რომელიც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ მოქალაქეთა გადასახადებით ფინანსდება, ხოლო ამ პოზიციამდე იგი რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე იყო. აღსანიშნავია, რომ რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი დააფუძნა გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა, რომლის თავმჯდომარეა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
პლატფორმისათვის მიუღებელია ამირან გამყრელიძის თავდაპირველი განცხადებაც, რომლითაც იგი სოფელ მუშევანის მოსახლეობასა და ექიმებს შორის კონფლიქტს მუსლიმ სასულიერო პირებს უკავშირებს, რაც რელიგიური უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელია. მისასალმებელია, რომ ამირან გამყრელიძემ მოგვიანებით გააკეთა განმარტებები განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა არსებული აგრესიის ტალღის ფონზე, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული ჯგუფის სტიგმატიზაციას, დამაზიანებელი და მიუღებელია.
შექმნილი ვითარების ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად კრიტიკულად აუცილებელია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობაზე ზრუნვა, ეთნიკური სიძულვილის შემცველი და არაჰუმანური დამოკიდებულებები უფრო მეტად ართულებს ამ პროცესს. მოვუწოდებთ: