ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა -თბილისის ეპისკოპოსმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მან მრევლს მენალსაცხებლე დედების ხსენების დღესთან დაკავშირებით მიმართა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, თუ რა გააკეთეს მენელსაცხებელმა დედებმა, რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს იმ დროს, როცა მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი. მენელსაცხებელი დედები ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ ტკივილს მაცხოვრისას. მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს სიმძიმე ეკლესიისა. ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვმადლობთ და თაყვანს ვცემთ მათ ღვაწლს. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფე მიაკუთვნეს მენელსაცხებელ დედებს და გაუთანასწორეს თამარ მეფის ღვაწლი მენელსაცხებელ დედებს. მათი ლოცვა-კუთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.
ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს. როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. შეგეწიოთ მადლი ღვთისა, წყალობა ღვთისა, სიხარული, სიყვარული ღვთისა, წყალობა და მადლი ღვთისა იყოს თქვენ ზედა,“ - ბრძანა პატრიარქმა.