დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა 32% ქვემო ქართლზე მოდის.
როგორც მარნეულში მიმდინარე შეხვედრაზე გამყრელიძემ აღნიშნა, 107 შემთხვევაა დაფიქსირებული ბოლნისში, 48 - თეთრიწყაროში, 33 კი მარნეულში.
"ქვემო ქართლმა შეადგინა 32% მთელი ქვეყნის დაზიანების, ანუ 189 შემთხვევა გვაქვს დღეისთვის მთლიანად. ეს განაწილებულია მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში, ჯერჯერობით. იცით, რომ ძალიან გვეშინია, რომ რუსთავში არ გაგვეპაროს რამე, ერთი შემთხვევაა და ამის საშიშროება არის. გარკვეულად კონტროლდება წალკა და დმანისი. თეთრიწყაროში გვაქვს 48, ბოლნისში 107 და მარნეულში 33 დადებითი შემთხვევა", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში ამ დროისთვის რეკორდული - 1328 ტესტი ჩატარდა.
"დღეს გვქონდა პიკი, ქვეყანაში 1 328 კვლევა ჩატარდა და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან 4 არის მარნეულში, 4 თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უფრო უნდა გამკაცრდეს შიგნით რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ ეს ხალხი, გადავიყვანოთ სამკურნალოდ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია", - აღნიშნა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, მარნეულის მერიაში შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი ესწრებოდნენ.