ავტორი:

"მტკიცებულება არ არსებობს, რომ სტრესმა გამოიწვია მისი გამოჯანმრთელების გახანგრძლივება" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია  "გეფას" დირექტორზე

"მტკიცებულება არ არსებობს, რომ სტრესმა გამოიწვია მისი გამოჯანმრთელების გახანგრძლივება" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია  "გეფას" დირექტორზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტის სრულად გამოჯანმრთელებაზე სტრესს შესაძლოა, რაღაც დონის უარყოფითი გავლენა ჰქონოდა, მაგრამ „მთავარი მიზეზი ეს ნამდვილად არ არის“.

როგორც ეზუგბაიამ „ინტერპრესნიუსსს“ „გეფას“ დირექტორზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც 5 მარტის შემდეგ კლინიკაშია და ორგანიზმში ინფექცია ისევ უფიქსირდება, პაციენტი განსაკუთრებულ სტრესში არ იმყოფება და იმის მტკიცებულებაც არ არსებობს, რომ სტრესმა გამოიწვია მისი გამოჯანმრთელების გახანგრძლივება.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აღნიშნავს, ვირუსისგან ელიმინაციის ხანგრძლივობა იზრდება და ინფექციამ რომ ორგანიზმი დატოვოს, 7-დან 42-დღემდე (შესაძლოა მეტიც) სჭირდება.

„საერთოდ სტრესი კოვიდზე კი არა, ყველაფერზე მოქმედებს და თავისთავად ეს შემაფერხებელი ფაქტორია ყველაფერში. შეიძლება რაღაც გავლენა აქვს, მაგრამ ეს მთავარი ნამდვილად არ არის. ეს ახალი, უცნობი და ვერაგი დაავადება, ვისაც არ უნდა დაემართოს ყველა სტრესშია. ის ადამიანი განსაკუთრებულ სტრესში არ იმყოფება. ამის მტკიცებულება არ არსებობს, რომ სტრესმა გამოიწვია მისი გამოჯანმრთელების გახანგრძლივება. მე არ შემიძლია ამაზე არც „კი“ გითხრათ და არც „არა“. საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დაავადებაზე აქვს სტრესი, განსაკუთრებით უცნობზე და ასეთ ვერაგზე.

ვირუსისგან ელიმინაციის ხანგრძლივობა იზრდება. ყველაზე მინიმუმია 7 დღე, იყო მონაცემები 37 დღეზე, შემდეგ გაიაზარდა და ახლა არის 42 დღე და ცოტა მეტი. ახლა არის ლაპარაკი, რომ ვირუსისგან გათავისუფლება, ანუ ელიმინაცია შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ასე რომ, ვირუსმა ორგანიზმი რომ დატოვოს 7-დან 42-დღემდე ან მეტი სჭირდება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება აღნიშნული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდია აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და დადებითი პასუხი ძალიან სუსტი კონცენტრაციით ფიქსირდება.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო პერიოდია აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებული მნიშვნელოვანი ცვლილებები მასთან არ გამოვლენილა. როცა მოთავსდა კლინიკაში, მაშინ დაავადება მიდიოდა საშუალოზე მძიმედ, მძიმე პნევმონიით იყო მეტ-ნაკლებად. დაავადების პროგრესირება არ იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გამოჯანმრთელებაც ნელ-ნელა დადგა. ვირუსისგან ელიმინაცია გაძნელდა და ვნახოთ, როგორ იქნება. ძალიან სუსტი კონცენტრაციით იყო დადებითი პასუხი, ალბათ, უკვე ელიმინირებულიც უნდა იყოს, მაგრამ მასთან ხშირად ანალიზის კეთებას აღარ ვჩქარობთ“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

კახეთში ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებს, პაციენტებსა და კოლეგა ექიმებს კორონავირუსი არ გამოვლენიათ

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა

უცხოეთიდან საქართველოში კიდევ 89 მოქალაქე დაბრუნდა - საკარანტინო სივრცეებში სულ 5018 ადამიანია