თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფ სამ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტესტების პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ინფიცირებულთაგან ორი, მედდის მცირეწლოვანი შვილები არიან.
შიდა ქართლის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებიდან 8 მათგანის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა, რომელთაგან 3 დადებითია.
“მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ პირს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, ეპიდემიოლოგებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პირდაპირი და ირიბი კონტაქტების მოძიება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება. გუშინ გაიგზავნა 8 ადამიანის ნიმუშები და აქედან სამი დადებითი პასუხია. სამივე გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და პირველი ინფიცირებულის ოჯახის წევრები არიან.
ამ დროისთვის კვლავ გრძელდება შესაძლო დამატებითი კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა. შესაბამისად, ლუგარის ლაბორატორიაში დამატებით გაიგზავნება ნიმუშები.
რაც შეეხება სოფლების ჩაკეტვას, სადაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების საფუძველზე, თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება გარკვეული ტერიტორიის ჩაკეტვა, ამის თაობაზე ადგილზე მოქმედი შტაბი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს ცენტრალურ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით”, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.