თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლები, რომლებსაც „ა“ და „ბე“ კატეგორი აქვთ მინიჭებული, წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, როგორც თვითდასაქმებულები დახმარებას მიიღებენ. „დახმარებებთან დაკავშირებით მინდა, ერთი სიახლე გავაჟღერო. ეს განსაკუთრებით ტაქსის მძღოლებს ეხებათ. „ა“ და „ბე“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, რა თქმა უნდა, მიიღებენ იმ დახმარებას, რომელზეც იყო საუბარი ბოლო ორი დღის განმავლობაში. თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა დამადასტურებელი ცნობები უნდა წარმოადგიონ, ეს ძალიან მარტივია, რაზეც ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას გავუგზავნით სმს შეტყობინებას და ექნებათ სრული ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი დახლოებით 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.