ავტორი:

"გავერიდეთ ყველაფერს, რაც კი მიწა გვაქვს, დავამუშავეთ... კრიზისს გადავიტანთ" - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასახლებული ნიკა ვაჩეიშვილი

"გავერიდეთ ყველაფერს, რაც კი მიწა გვაქვს, დავამუშავეთ... კრიზისს გადავიტანთ" - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასახლებული ნიკა ვაჩეიშვილი

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს დიდი პრობლემები და საფრთხე შეუქმნა, მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის სექტორი, ჩვენთანაც და მსოფლიოშიც, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მეტ-ნაკლებად ცდილობს შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთოს, რათა აგრარული მიმართულება ძალიან არ დაზარალდეს. ჩვენც შეძლებისდაგვარად ვცდილობთ დავუკავშირდეთ ჩვენს ცნობილ თუ უცნობ ფერმერებს, მეურნეებს, მეწარმეებს და ამ პერიოდში მათი საქმიანობის შესახებ შევიტყოთ.

ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ატენში რომ უკვე წლებია შინამეურნეობას უვლის, ამაზე მკითხველს ადრე ვუამბეთ, ამჯერად კი ბატონი ნიკა გვიამბობს, ამ კრიზისულ პერიოდში როგორ განაგრძობს საქმიანობას.

- უჩვეულოდ რთული სიტუაციაა ფსიქოლოგიურად, ადამიანების ფიზიკურად განმხოლოებამაც ბევრი სირთულე გააჩინა. ამიტომაც შევეცადეთ, ამოცანები იმ რეალობიდან გამომდინარე დაგვესახა, რომელშიც ახლა ყველას გვიწევს ყოფნა - გავერიდეთ ყველაფერს და მთელი ოჯახი სოფელში ვართ. საბედნიეროდ, სამი თაობა ვართ ერთად და ახლა ჩვენს ყოფას ეს ჟრიამული ახლავს.

აგრარული მიმართულებით მარტივი მიზანი დავისახეთ - ჩვენი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, როგორც ჩვენს წინაპარს, ჩვენც გვეყოს მოწეული ჭირნახული, სხვასაც გავუნაწილოთ და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ბაზარზეც გავიტანოთ.

ამ გასაჭირის დროს აღარ ვაპირებთ სოფლის არაბუნებრივად გაძვირებული პროდუქტის ყიდვას. გვინდა ყველაფერი ჩვენი გვქონდეს და გამოთავისუფლებული თანხა მეურნეობის განვითარებას მოვახმაროთ, რომ ჩვენი დამხმარე სამეზობლო ეკონომიკურად ოდნავ ძლიერი იყოს, ვიდრე მანამდე. კარგი იქნება, თუ ამ მაგალითს სხვებიც გაიზიარებენ. სოფლის სიძლიერე, ფაქტობრივად, ეს არის. მეურნეს თავისი პროდუქტი უნდა ჰქონდეს, თანაც ისეთი სიჭარბით, რომ სხვასაც გაუზიაროს. ეს მარტივი მიზანია, თუმცა ძნელად მისაღწევი, რადგან დიდი ხნის საქმე გვაქვს დიდი ხნის დაუმუშავებელ მიწებსა და ზოგჯერ მიუდგომელ ადგილებში.

- ეს მარტივი მიზანი სინამდვილეში შეიძლება მნიშვნელოვანიც აღმოჩნდეს.

- დიახ, მთელი შენი ბარაქა შენს დანახარჯზე მეტი უნდა იყოს. ამიტომ მიკრო თუ მაკროეკონომიკაა ის, როცა შენი ოჯახი, მეზობელი, საახლობლო, ყველა ხვავრიელია.

- ამ გაზაფხულზე რა გააკეთეთ?

- რაც კი მიწა გვაქვს, სულ დავამუშავეთ. დავთესეთ და ვთესავთ, რაც ოჯახში წლის განმავლობაში გვჭირდება: პარკოსნებს, ბოსტნეულს, მწვანილს, ყვავილებს, რომ მიდამოც ლამაზი გვქონდეს, გავსხალით ვენახი, ხეხილი, რათა, როგორც გითხარით, ამ ყველაფერის შეძენაში ფული აღარ დავხარჯოთ, გავაძლიეროთ სამეზობლო, ჩვენი დამხმარეები, ხელფასი შევუნარჩუნოთ, ჩვენს მარანთან არსებულ ბიბლიოთეკაში წიგნები შევიძინოთ. ასე შემოსავლის მიღებასაც ვისწავლით და კრიზისსაც კარგად გადავიტანთ.

გვაქვს თითქმის ყველანაირი ხილი: ატამი, ბალი, ვაშლი, ალუბალი... ალუბალი ახლა ყვავის... გვაქვს ჩვენი თაფლი, ყველი, ტყლაპი, ხორბალი არა, მაგრამ პურს თვითონ ვაცხობთ. გვაქვს ასევე ჭაჭა, შინაური, გადასარევი ღვინო. ამ ყველაფრით ჩვენს სტუმრებსაც ვუმასპინძლდებით.

- რა ღვინოს აყენებთ?

- ტრადიციული ენდემური ჯიშების ყურძნისგან - გორული მწვანე, ჩინებული, თავკვერი, ანუ რაც ატენში მოდის. ახლა ჩვენს მარანში ღვინის მოვლის აუცილებელი ციკლი მიმდინარეობს - გადაღება, ბოთლში ჩამოსხმა, ახალგაზრდა ღვინის დავარგებისთვის მომზადება... ჭაჭის გამოხდას ვამთავრებთ, ჭურჭელში უნდა დაბინავდეს, რომ დაძველდეს და პროდუქტის ღირებულებაც ხარისხიდან გამომდინარე გაიზარდოს და არ შემცირდეს.

- თქვენი ამ სფეროში საქმიანობა აგროტურიზმის სექტორს განეკუთვნება, რადგან ტურისტებსაც მასპინძლობთ, ამ ეტაპზე პანდემიის გამო კი ტურიზმი მთელ მსოფლიოში შეჩერებულია.

- ასეა, სტუმრები ვეღარ ჩამოდიან, მათ გარეშე უკვე გაგვიჭირდა, არადა, ახლა ტურისტული სეზონი გახსნილი უნდა იყოს. მაისი ძალიან დატვირთული იყო და ბევრი შეკვეთა გვქონდა ხოლმე. მათაც და ჩვენც იმედი გვაქვს, ეს მძიმე პერიოდი რომ გადაივლის, ჩაწყნარდება, ყველაფერი მაშინ გადანაწილდება...წაიკითხეთ სრულად