ბერა ივანიშვილი Tik-Tok-ზე ამჯერად დედასთან ერთად გამოჩნდა. მან ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად წარმოდგენა დადგა და პატარაობა გაითამაშა. როგორც წინა, ასევე ეს ვიდეოც ინტერნეტმომხმარებლებმა აიტაცეს.
ცნობისთვის, ბერა რამდენიმე დღის წინ TikTok-ის ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამოჩნდა, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ განმარტების გაკეთება მოუწიათ მმართველ პარტიაშიც.
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოში" აღნიშნეს, რომ ვიდეორგოლზე ოპონენტების კრიტიკა არაჯანსაღია.
"ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, როგორც ხდება ხოლმე, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების მხრიდან მოჰყვა მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებლის კადრებაში. ამას კრიტიკასაც ვერ დაარქმევ - მათ თქვეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.
ძირითადი ხაზი ოპონენტებმა იმაზე ააწყვეს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რადგან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ ერთობა. ეს განცხადებები, თავისთავადაც აბსურდული და სასაცილოა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ხალხის და ქვეყნის სამსახურში ყოველგვარი პიარის გარეშე დგომაა და რომ ამაზე ათწლეულების განმავლობაში მის მიერ პრაქტიკულად ანონიმურ რეჟიმში ნაკეთები საქმეები ყველაზე ნათლად მეტყველებს" - აღნიშნულია განცხადებაში.