საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ განახლებული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გარდაცვლილი მამაკაცი 68 წლის იყო, ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან. პაციენტი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 15 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
"კარგა ხანია აპარატულ სუნთქვაზე იყო. ამ პაციენტს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰქონდა გულის უკმარისობა, კლინიკაში შემოვიდა სუნთქვის მწვავე უკმარისობით, რის გამოც გადავიყვანეთ აპარატულ სუნთქვაზე. ამას დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, განვითარდა სეფსისი და სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
დიდი შრომა გაწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი ვერ დადგა" - აღნიშნა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.