30 მარტს, როდესაც ქვეყნის პრემიერმა საქართველოში კარანტინი და კომენდანტის საათი გამოცხადა, ხაზი გაუსვა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელია, ზომები კვლავ გამკაცრდეს.
მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გამკაცრდა ზომები, ბოლო შეზღუდვა კი რომელიც 17 აპრილიდან ამოქმედდა და 21 აპრილამდე გასტანს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომანქანებით გადაადგილებას კრძალავს.
ბოლო პერიოდია, მთავრობა არც იმას გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს. ამაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც - მისი თქმით, თუ შემდეგ ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა 2 000-ს მიაღწევს, მთავრობა იძულებული იქნება საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს.
მსგავსი სცენარი ახსენა თავდაცვის მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის მომხრეა, პირობები მაქსიმალურად გამკაცრდეს. მისი თქმით, განცხადებას მთელი მთავრობის სახელით ვერ გააკეთებს, თუმცა არ არის გამორიცხული, მთავრობას საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაც დასჭირდეს.
არის თუ არა საჭირო საყოველთაო კარანტინი, რას გულისხმობს ის და სააღდგომო დღეების შემდეგ, ხომ არ იქნება დაგვიანებული მკაცრი საყოველთაო კარანტინის გამოცხადება?
ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, მოვლენების თეორიულ განვითარებაზე საუბარი ძნელია.
"დიდი ხანია, ესპანეთის, იტალიის, აშშ-ს ასე ვთქვათ, „ბრძოლის ველს“, ტრაგიკულ ეპიზოდებს ვხედავთ, გადავსებულია საავადმყოფოები, მედიკოსებს უწევთ არჩევანის გაკეთება, ვინ მოკვდება და ვინ იცოცხლებს, ვინ შეერთდება აპარატზე და ვის მოხსნიან... ეს არჩევანიც არაა, მორალურად, სამართლებრივად, ფსიქოლოგიურად, დამანგრეველია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ არჩევანს აკეთებს, არაფერი რომ არ ვთქვათ მათზე, ვინც სასიკვდილოდაა განწირული.
ეს ყველაფერი რომ არ დაგვემართოს, ამისთვისაა ყველა ის მკაცრი ზომა, რასაც ვიღებთ. როცა საყოველთაო კარანტინზე ვსაუბრობთ, დაახლოებით იმ ზომებზეა საუბარიც რაც მაგალითად, იტალიაში - ცნობა უნდა წარადგინო, რომ გარეთ გასვლის საშუალება მოგეცეს, თუმცა, თითოეულ ამ ზომას თავისი ეკონომიკური და სოციალური ფასი აქვს, რომელიც ძალიან დიდია, რომელსაც ახლავე ვიხდით და მომავალში გადავიხდით.
სიღარიბეს, უმუშევრობას, სისტემებისა და ეკონომიკური ბმების მოშლას შეიძლება, ასევე მოჰყვეს ძალიან დიდი საფრთხე ადამიანების სიკვდილისა და ჯანმრთელობის კუთხით. ეს ბალანსირება გვიწევს, რაშიც გადამწყვეტი სიტყვა აქვს თითოეულ მოქალაქეს, რამდენად დავიცავთ უკვე არსებულ მკაცრ ზომებს. აქამდე ასეთი რამ არ ყოფილა, რომ ეს ინსტრუქციები ასე პირდაპირ ყოფილიყოს დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლესთან.
ვიცით, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, შეიძლება ასიმპტომურ ან მცირე სიმპტომების ქონის პერიოდში იყოს, ამიტომ როცა ვამბობთ, რომ მხოლოდ რისკ-ჯგუფი დარჩეს სახლში, რეალურად შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი იყოს რისკის მქონე
არ უნდა გაამკაცრო პირობები, რადგან ადამიანებმა თუ არ შეასრულეს, მაშინ ამას არაფერი ფასი არ აქვს. 3 მილიონ ადამიანს სახელმწიფო აღსრულების არანაირი მექანიზმები არ ეყოფა, რომ შეაკავოს
ჩემი აზრით, სახელმწიფოს მიერ აქამდე მიღებული ზომები ოპტიმალური იყო, რამდენიმეს გარდა, და აქამდე რაც მივიღეთ, მივიღეთ დროულად. აქ კრიტიკული თემა დროულად მოქმედებაა. ზოგჯერ ამას ვერ განსაზღვრავ და იმ დღეს არსებული სიტუაციით უნდა გადაწყვიტო. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით კიდევ ადრე ვიღებდით ზომებს, იქნებოდა ეს საზღვრების ჩაკეტვა, მგზავრობის შეზღუდვა, სწავლის შეწყვეტა თუ სხვა.
პრევენცია მართლაც მნიშვნელოვანწილად გავუკეთეთ ინფექციის გავრცელებას და დღეს შედარებით კეთილსაიმედო სცენარი გვაქვს, 1000 და 2000 შემთხვევა ახლა ნამდვილად არ გვაქვს, რომც ვამბობდეთ, რომ შეიძლება, ყველას ტესტირებას ვერ ვახერხებთ და შიდა გადაცემიდან გამომდინარე უცნობი შემთხვევებიც არსებობს.
როგორ ფიქრობთ, საქართველოში 1-2 თვე ადამიანები გაუძლებენ სრულ კარანტინს, როგორც ეს უხანში იყო, ისე რომ გარეთ გამოსვლისას ცნობა და პოლიციისთვის წინასწარ შეტყობინება გვჭირდებოდეს? თუ სრულ კარანტინზე ვსაუბრობთ, აი, ესაა სრული კარანტინი თითოეულ ადამიანზე.
ყოველ კუთხეში უნდა იდგეს პატრული, ჯარისკაცების ბლოკპოსტი ქალაქში, აბსოლუტურად ყველგან - სოფელში ბირჟა ჩაკეტილი და ა.შ. ამ ყველაფერს 2 თვის განმავლობაში სახელმწიფო გაუძლებს?
ვერ გაუძლებს! შეუძლებელია, პირდაპირ გეუბნებით, ეს გამორიცხულია. მივიღებთ აბსოლუტურად უმართავ, ქაოსურ სიტუაციას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველაზე მკაცრი ზომები იმ მომენტში გამოვიყენოთ, როცა ამის საჭიროებაა. ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის კიდევ უფრო გამკაცრება იმ შედეგს არ მოგვცემს, რა ზიანიც შეიძლება მოგვიტანოს. მაგრამ თუ დავინახეთ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ხდება მასობრივად გარკვეული პრობლემების შექმნა და წესების დარღვევა, მერე ალბათ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ უფრო გამკაცრდეს ეს ზომები.
თუმცა, ეს ძალიან ცუდი სცენარია და პირიქით, რა ზომებიც გვაქვს, მაქსიმუმ 1 თვეში ამ ზომების შერბილებაზე უნდა ვიფიქროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდი უარყოფითი შედეგები გველის, არა შორეულ, არამედ ძალიან ახლო მომავალში" - აღნიშნავს ზოიძე.
სადღესასწაულო დღეებს მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგიონებში ატარებს. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მკაცრი კარანტინის შესაძლებლობის და რეგიონებში სააღდგომოდ დიდი ოჯახების შეკრების საფრთხეებზე გვესაუბრება:
"საყოველთაო კარანტინის საჭიროება, როგორც ჩანს, იმან მოიტანა, რომ შესაბამის უწყებებს აქვთ შიში, აღდგომის დღესასწაულზე მაინც მოხდება ადამიანების თავშეყრა, როგორც საზოგადოებაში, ასევე - ეკლესიაში. სავარაუდოდ, წუხილი და შიში ძირითადად ამითაა განპირობებული, რადგან სხვა მხრივ, ასე თუ ისე ზომიერად მივდიოდით, ახლა კი მოლოდინი და რისკი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ფასდება.
ვფიქრობ, თუ სახელმწიფო მოახერხებდა კანონის ისეთ სიმაღლეზე დაყენებას, რომ ყველასთვის თანაბრად ყოფილიყო მოთხოვნა, რომ არ შეიძლება 3 ადამიანზე მეტის თავშეყრა, კომენდანტის საათის დარღვევა და ა.შ. ასეთი რისკის შეგრძნებაც არ იქნებოდა ამ დღესასწაულებზე და მკაცრი კარანტინის აუცილებლობაც არ დადგებოდა
საყოველთაო კარანტინის აუცილებლობაზე მეტად, იმის აუცილებლობა დგას, რომ ეს არსებული შეზღუდვები ყველაზე თანაბრად გავრცელდეს. რაც შეეხება იმას, გეგმავენ თუ არა კარანტინს და როდის, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. შეიძლება, უცებ აღმოვჩნდეთ კარანტინში, ხვალ-ზეგ, შეიძლება, ესეც გადაწყვიტოს მთავრობამ პრევენციულად, მაშინ ეს იქნება აღდგომამდე, უფრო მერე, მართლაც დაგვიანებული იქნება.
იმ ფონზე, როდესაც ქალაქებიც ჩაიკეტა და რეგიონებში ადამიანების გასვლა უკვე შესაძლებელი აღარაა, ასევე, დღეს არსებული შეზღუდვების ფონზე, იმის რისკი, რომ ადამიანების შეკრებები ძალიან ფართომასშტაბიანი იქნება, ნაკლებია. თუ წესები და მოთხოვნები თანაბრად გავრცელდება ყველა ფენაზე და ყველა თავშეყრის ადგილზე, მათ შორის ტაძრებზე, კანონი ყველასთვის თანაბრად იქნება დაცული, მაშინ არ უნდა გვქონდეს იმის რისკი, რომ დრამატული გადაცემა დაიწყება.
რა თქმა უნდა, საფრთხისშემცველია რეგიონებში დიდი ოჯახების შეკრება. არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან ახლო ნათესავთან მიხვალ, მეგობრებთან თუ უცხოსთან მოიყრი თავს - თავშეყრა თავშეყრაა, ვირუსმა არ იცის ახლობელი, და-ძმა და ბიძაშვილი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან გასვლის მსურველი ბევრი იყო, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრს გარკვეული საყოფაცხოვრებო პრობლემა შეექმნა და ამის მოსწრებას ცდილობდა, ზოგს შეიძლება, რეგიონში ჰყავს ბავშვი, ჩამოყვანა უნდოდა და ადამიანებს ერთი დღე-ღამე ჰქონდათ თავიანთი ოჯახური პრობლემების მოსაწესრიგებლად. ამიტომ, გადაადგილება აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ყველა თავშეყრის მიზნით დაიძრა ამ დღეებში" - განმარტავს ბუწაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მკაცრი კარანტინის ფორმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა უკვე იყენებს. მკაცრი კარანტინის დროს, მოქალაქეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სახლიდან გასვლის შემთხვევაში, ამის აუცილებლობის დამტკიცება უნდა შეეძლოს; თითო ოჯახიდან მხოლოდ ერთ ადამიანს ეძლევა საყიდლებზე სიარულის უფლება, რომელიც უნდა მიდიოდეს უახლოეს სურსათის მაღაზიასა თუ აფთიაქში; ქუჩებში კარანტინის აღსრულების მიმდინარეობას პოლიციური ძალები აკონტროლებენ.
ინდოეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ახალმა ზელანდიამ, პოლონეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ყველაზე შემზღუდველი მასობრივი კარანტინი აირჩიეს და ასეთი რეჟიმის დაწესების შემდეგ ესპანეთსა და იტალიაში კორონავირუსის შემთხვევები თანდათანობით კლებისკენ წავიდა.
ესაპანეთშიც კარანტინი უკვე მეორე თვეა გრძელდება, ამიტომ ბიზნეს სექტორის გარკვეულ ნაწილს სამუშაოსთვის დაბრუნების უფლება თანდათანობით ეძლევა. გერმანიაც, ბოლო დღეების განმავლობაში ახალი შემთხვევების შემცირების გამო, ეტაპობრივად ზომების შემსუბუქებას გეგმავს.
რაც შეეხება საფრანგეთს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 მარტს დაწესებული კარანტინი კიდევ ერთი თვით - 11 მაისამდე გახანგრძლივდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობამ წელს, სააღდგომოდ უნდა დაივიწყოს "დიდი გადაადგილება", ანუ დღესასწაულზე მოქალაქეების მოგზაურობის შესამცირებლად საფრანგეთში ცენტრალური მაგისტრალები გადაიკეტება.
საბერძნეთში კი აღდგომას მოსახლეობის სახლში დარჩენას 52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ. ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელის, სტავროს ბალსაკასის თქმით, ყველგან პოლიციელი ვერ დადგება, თუმცა სადაც შეკრებილებს დაინახავენ, ყველა დაჯარიმდება.