საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ.
დოკუმენტში კონკრეტულად არის გაწერილი, რა შემთხვევაში უკავშირდება პაციენტი ოჯახის ექიმს და როგორ უნდა იმოქმედონ ექიმებმა შეტყობინების მიღების შემდეგ. პროგრამაში საქართველოს მასშტაბით სულ 8 სამედიცინო ცენტრია ჩართული.
ახალი პროგრამის შესახებ AMBEBI.GE ოჯახის ექიმს, პედიატრ ნატო ხატიაშვილს ესაუბრა, რომელსაც ყოველდრიურად ათეულობით პაციენტისთვის უწევს დისტანციური კონსულტაციის გაწევა.
- პირველ რიგში, გვიამბეთ როგორია ამ პროგრამის მექანიზმი? როგორ ხდება ზარების გაფილტვრა 112-ში?
- ყველა ზარი, რაც შედის 112-ში განიხილება იქვე. შემდეგ თუ ეს რგოლი ჩათვლის საჭიროდ, რომ პირს ესაჭიროება ოჯახის ექიმის კონსულტაცია და არა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლა ადგილზე, ზარი გადამისამართდება ოჯახის ექიმთან. მას შემდეგ რაც ჩვენთან შემოდის ზარი, ოჯახის ექიმი რეკავს პაციენტის ნომერზე, ესაუბრება მას. დეტალურად ერკვევა მის მდგომარეობაში.
აქამდე აქტუალური იყო მოგზაურობის ისტორია. ახლა ამაზე არ კეთდება აქცენტი. როგორც წესი, პაციენტებს პირველ რიგში გამოვკითხავთ ჩივილებს. შემდეგ კონტაქტებს, ხომ არ ჰქონიათ სიცხიან ან სავარაუდო ინფიცირებულთან კონტაქტი. ვაფასებთ პაციენტის მდგომარეობას და თუ გადაწყდა, რომ არის მსუბუქი სიმძიმის, ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციებს.
თუ ჩვენ ჩავთლით, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევასთან, ასეთ დროს ზარს ისევ ვაბრუნებთ უკან 112- ში. შემდეგ ისინი ისევ განიხილავენ, რატომ ჩათვალა ექიმმა პაციენტის უკან გადამისამართება მიზანშეწონილად, აფასებენ სიტუაციას თავიდან და თუ ჩათვლიან, რომ საჭიროა დამატებითი გამოკვლევები, ან თუნდაც ტესტი კორონავირუსზე, გადიან ბინაზე პაციენტთან.
- შემოსული ზარების ანალიზის მიხედვით, ძირითადად რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები?
- შემოსული ზარების 99.9% არის ისეთი ჩივილები, როდესაც მეორე ან მესამე გადარეკვაზე გვეუბნებიან, რომ კარგად არიან და არ საჭიროებენ ჩვენს კონსულტაციებს. თქვენ წარმოიდგინეთ, მაგალითად, დღის განმავლობაში შემოსული 45 ზარიდან მხოლოდ ერთი საჭიროებს რეალურად ექიმის კონსულტაციას, დანარჩენს უბრალოდ, ვამშვიდებთ.
რეკავენ ძირითადად დაბალი ტემპერატურული ჩივილებით. დარეკა პაციენტმა, რომელსაც ჰქონდა 37 გრადუსი ტემპერატურა და სხვა არანაირი სიმპტომი. ასეთ პაციენტებს ვამშვიდებთ და ვეუბნებით, რომ მაინცდამაინც კორონავირუსზე ნუ მიიტანენ ეჭვს. ასეთი მსუბუქი სიმპტომებისას, პაციენტებს ვურჩევთ:
თუ ტემპერატურამ არ დაიკლო, შარდის ფერი გამუქდა, ამასთან თავი იჩინა სხვა სიმპტომებმაც, როგორიცაა ხველა, ყელის ტკივილი და ა.შ. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე - ზარს ვამისამართებთ 112-ში და თავიდან ხდება სიტუაციის შეფასება. ოჯახის ექიმები ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში პასუხობენ პაციენტების ზარებს და მათ დისტანციურ კონსულტაციას უწევენ.
- რა პერიოდს მოიცავს თითო პაციენტთან დისტანციური კონსულტაციის რეჟიმი?
- დისტანციური კონსულტაცია მოიცავს ოთხ ზარს 14 დღის განმავლობაში. არაუგვიანეს, მესამე, მეექვსე, მეათე დღეებისა. თოთოეული ექიმი, რომელიც ზარს ვპასუხობთ, ვაწარმოებთ მონაცემების აღრიცხვას და სისტემაში შეყვანას. გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელშიც შეგვყავს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
იმის მიხედვით, თუ როგორ შეიცვლება მდგომარეობა, განმეორებით დარეკვაზე ვცვლით და ვაახლებთ მონაცემებს. თუ მდგომარეობა გაუარესდება - მოიმატებს ტემპერატურა, გაჩნდება ხველა და სხვა სიმპტომები, როგორც მოგახსენეთ, ზარს ისევ ვამისამართებთ 112-ში და სასწრაფო დახმარების ბრიგადას საჭიროების შემთხვევაში გადაჰყავს სტაციონარში.
- რა შემთხვევაში ინიშნება ფიზიკური კონსულტაცია პაციენტთან?
- ამ გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურად ხდება, კონკრეტული სიტუაციის შესწავლის შემდეგ. თუ გამოვლინდა შესაბამისი საჭიროება, რომ აუცილებელია ფიზიკური გასინჯვა, მაშინ, ცხადია, ვნიშნავთ ვიზიტს ექიმთან. თუ გახდა საჭირო, გვაქვს სპეციალური ცხელების ოთახი და იქ შემოგვყავს პაციენტი. თუ გაგვიჩნდა ეჭვი ვირუსზე, შეგვყავს ამ სპეციალიზირებულ კაბინეტში, ვიძახებთ 112-ს. გვქონდა ასეთი ერთი შემთხვევა, მაგრამ საბედნიეროდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
- როგორ მუშაობთ ხანდაზმულებთან? 70 წელს გადაცილებულ პირებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ, ეს ხომ არ ქმნის რაიმე სირთულეს?
- ამ კონტინგენტთან ძირითადად გვაქვს სატელეფონო კომუნიკაცია. ისინი არიან ძირითადად ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომელთა მდგომარეობის მართვა დისტანციურად სრულიად შესაძლებელია. ჩვენი ექიმები უწევენ მათ სატელეფონო კონსულტაციას - ზოგს რჩევა სჭირდება, ზოგს რეცეპტი და საჭიროების შემთხვევაში ვუგზავნით რეცეპტს ელექტრონულად.
იმ შემთხვევაში თუ ხანდაზმულ პირებს სჭირდებათ კარდიოგრამა, ან სხვა რაიმე სახის სამედიცინო გამოკვლევები, პაციენტი გადაჰყავთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
- და ბოლოს, რამდენად ეფექტურია ეს პროგრამა და როგორ აუწყვეთ ფეხი მას ექიმებმა?
- ძალიან გამართლებულია სისტემაა, ჩემი აზრით. თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლებოდა ინფარქტიან პაციენტთან ვერ გასულიყო სასწრაფო დახმარება აუარება, უაზრო გამოძახებების გამო. აუცილებელი იყო ამ პროგრამის ამოქმედება, მინიმუმამდე ვამცირებთ 112-ის ბრიგადის არამიზნობრივ გამოძახებებს. ზარები იფილტრება, ოჯახის ექიმები სწავლობენ პაციენტების რეალურ მდგომარეობას და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადის გამოძახებაზე, როდესაც ეს ნამდვილად არის საჭირო.
როგორც იცით, ექიმები როდესაც უშუალოდ სინჯავენ პაციენტებს, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, აღჭურვილები არიან შესაბამისი ეკიპირებით, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. სამუშაო საკმაოდ შრომატევადია. ზარების პასუხს ისედაც ვიყავით მიჩვეული, მაგრამ ახლა კონკრეტულ პაციენტს 4-ჯერ უნდა დავურეკოთ, შევიტანოთ 112-ის პროგრამაში მონაცემები და რაც მთავარია, გვიწევს ფსიქოლოგის ფუნქციის შეთავსებაც. რადგან ძირითადად უფრო ემოციური ფონი აქვთ და დამშვიდება სჭირდებათ, გვიწევს ღამისთევით მორიგეობაც.
თუმცა, ამ ყველაფერს ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებთ. ვცდილობთ ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ უხილავ მტერს. ძალასა და ენერგიას არ ვიშურებთ, მაგრამ აუცილებელია საზოგადოებამაც შეგვიწყოს ხელი. ვთხოვთ, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მშვიდად დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რასაც პროფესიონალები აძლევენ.