პედიატრი თემურ მიქელაძე მშობლებს ურჩევს, რომ სახლში ბავშვებმა ნაკლები დრო გაატარონ ტელევიზორთან, კომპიუტერთან და ტელეფონთან, რათა ისინი ისეთი პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდენ, როგორიც ეკრანდამოკიდებულებაა.
როგორც პედიატრმა "მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბავშვების რეკრეაციულ სივრცეებსა და ეზოში გასეირნება, თუმცა მოზრდილის მეთვალყურეობის ქვეშ.
„ერთადერთი ყველაზე კარგი რეკომენდაცია ვაქცინაა. სანამ ვაქცინა იქნება და მას მსოფლიო შეიმუშავებს, მანამდე აუცილებელია იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვთავაზობს. პირველ რიგში, ეს არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, სოციალური დისტანცირება და სამწუხაროდ, სახლში დარჩენა. თუმცა, სახლში დარჩენა არცთუ ისე მარტივია, ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით. განსაკუთრებით ძნელია ბავშვების სახლში გაჩერება. სამწუხაროდ, მოზრდილები მეტნაკლებად მიჯაჭვულები არიან ტელეფონთან, კომპიუტერთან, სხვადასხვა „გაჯეტებთან“, თუმცა ჯერ, დაახლოებით 2-3 თვე არ უნდა ველოდოთ ისეთ განსაკუთრებულ პრობლემებს, რასაც ეკრადამოკიდებლება ქმნის. თუმცა, მეორე მხარეც არის. მაგალითად, ბოლო პერიოდში ბავშვები ეზოში პრაქტიკულად აღარ ჩადიან და ეკრანს მიჯაჭვულები არიან. ვიმედოვნებ, როცა ეს ეპიდემია გადაივლის და ისინი ქუჩაში, ეზოში გაივლიან, ბავშვები თავად იტყვიან მავნე ჩვევებზე უარს, როგორიცაა მაგალითად ეკრანდამოკიდებულება, „გაჯეტებთან“, ტელეფონებთან კონტაქტი თუ ა.შ.
ჩვენი ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია ბავშვები ეზოში, სხვადასხვა რეკრეაციულ სივრცეებში გავიყვანოთ, ოღონდ მოზრდილის მეთვალყურეობა აუცილებელია. თუ პასუხისმგებლობას იღებთ და ბავშვი ეზოში ჩაგყავთ, აუცილებლად თავად უნდა გაჰყვეთ მას. სასურველია, რომ ეზოები განსაკუთრებით მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა მიქელაძემ.