საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. შეხვედრის თემა უცნობია, თუმცა შესაძლოა, ისინი COVID19-ის გამო დაწესებულ „კომენდანტის საათის“ პირობებში სააღდგომი ლიტურგიის შესრულების შესახებ მსჯელობდნენ.
საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც გამყრელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიას არ ეხებოდა. „საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო. მის უწმინდესობასთან ზოგადად, ვისაუბრეთ ეპიდსიტუაციაზე, რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. როგორც მან აღნიშნა შეხვედრის შესახებ განცხადება სავარაუდოდ, ხვალ გაკეთდება.