პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და დადგენილი წესები შესრულდება, მაისიდან, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას. აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ შეასრულოს წესები და რეკომენდაციები.
„თითოეული მოქალაქის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება და ამ წესების დაცვა - მხოლოდ ეს შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ საქართველომ გავრცელების შემდეგ ეტაპზეც დაბალი მრუდი შეინარჩუნოს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, თუ უგულებელვყოფთ ამ წესებს და არ დავეხმარებით ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, მგონი ყველასთვის ნათელია, რომ გარდაუვალი იქნება მაღალი გავრცელების პიკი, რაც დარტყმის ქვეშ დააყენებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას და მომეტებულ საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეებს.
რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ მით მალე დავუბრუნდებით ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. თუ ეს პირობები შესრულდება, განუხრელად, ყველა მოქალაქე დავეხმარებით ჯანდაცვის სამსახურებს, რომ ეფქტურად იყოს მართული ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი, სადაც პიკი არის მოსალოდნელი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ სავარაუდოდ, მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც რეალური მონაცემები და მიმდინარე მონაცემები მოგვცემს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.