12 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრმა პირველი დისტანციური დასაქმების ფორუმი გამართა. ფორუმი უნივერსიტეტის პროექტ „დაასაქმე სმარტსტუდენტის“ ფარგლებში ჩატარდა და მასში 20 წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა მონაწილეობას. თითოეულმა კომპანიამ სტუდენტებს რამდენიმე ვაკანსია შესთავაზა, რომლებიც დისტანციურ საქმიანობას მოითხოვს. საერთო ჯამში ვაკანსიების რაოდენობამ 85–ს გადააჭარბა.
დისტანციური დასაქმების ფორუმში შემდეგი კომპანიები მონაწილეობდნენ: StrategEast, Webiz , Spectre, „თიბისი ბანკი“, Gymstinct, WANDIO, Exactpro, Prime Insurance, OPPA, SINGULAR, LAB, „პალიტრა მედია ჰოლდინგი“, PEPSICO, „კლიპარტი“, ეროვნული სტარტაპ ასოციაცია NASTA, Kalo, B2C, Lanars, Clp Hub.
ფორუმის მსვლელობისას ონლაინ სივრცეში შეკრებილმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მოისმინეს მონაწილე კომპანიების პრეზენტაციები და ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
„დაასაქმე სმარტსტუდენტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტია, რომელსაც სტუდენტების დასაქმების მიზნით ახორციელებს.
„მადლობა მინდა გადავუუხადო ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივერსიტეტს, ძალიან მნიშვნლოვანია ფორუმის მსგავს ფორმატში ჩატარება“ - განაცხადა კომპანია LAB -ის წარმომადგენელმა.
“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტია ტექნოლოგოების და ბიზნეს განათლების მიმართულებით. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დასაქმების ფორუმზე ვიღებთ მონაწილეობას და ამ დიდ გამოწვევაში ერთად ვართ და მიზანს ერთად მივაღწევთ. ჩვენ შერჩეული 50 სტუდენტის გადამზადებას და სრულ დასაქმებას ვგეგმავთ. ჩვენ მიერ გადამზადებული სტუდენტების ნაწილი დასაქმდებიან EPAM–ში, მათ ნაწილს კი სხვა გავლენიანი საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანიები დაასაქმებენ - აცხადებს აშშ-ში დაფუძნებული სტრატეგიული ცენტრი StrategEast-ის დირექტორი.
„სტუდენტებისთვის დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიცემის პარალელურად ჩვენ მათ დასაქმებაზეც აქტიურად ვზრუნავთ პირველივე სემესტრიდან. ჩვენი კარიერული განვითარების ცენტრი მუშაობს სტუდენტების კარიერული მხარდაჭერისთვის ორი მიმართულებით: დამსაქმებელ კომპანიებთან ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის და სტუდენტის მიერ ინიცირებული სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის. კარიერული განვითარების ცენტრი მუშაობას იწყებს სტუდენტებთან პირველივე სემესტრიდან და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას სწავლის დასრულების შემდგომაც. ჩვენი კურსდამთავრებულები უწყვეტად იღებენ შეთავაზებებს სხვადასხვა ვაკანსიების, ტრენინგების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების მიმართულებით. COVID-19-ის გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე კი გადავწყვიტეთ დასაქმების ფორუმი „სმარტსტუდენტი“ ჩაგვეტარებინა დისტანციურად. ინიციატივას ჩვენი პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები შემოუერთდნენ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ,“ – აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
რაც შეხება უშუალოდ პროექტს „დაასაქმე სმარტსტუდენტი“, ეს BTU-ს კარიერული ცენტრის მიერ ინიცირებული ყოველსემესტრული პროექტია. სტუდენტები პროექტის ფარგლებში საქმდებიან მსხვილი კომპანიების სხვადასხვა დეპარტამენტებში, როგორიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა.