ავტორი:

უახლესი ინფორმაცია Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებზე თბილისისა და რეგიონების მთავარი კლინიკებიდან

უახლესი ინფორმაცია Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებზე თბილისისა და რეგიონების მთავარი კლინიკებიდან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო სამის კრიტიკული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკა უკვე დატოვა 24 კვირის ორსულმა, ხოლო მეორე ფეხმძიმის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, რატიანის განმარტებით, კლინიკაში მოთავსებული სამი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

„რეანიმაციაში მყოფი 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარობა მძიმეა, ხოლო სამი კრიტიკული რჩება. ასევე მინდა გითხრათ, რომ გუშინ ჩვენგან 24 კვირის ორსული ქალბატონი გაეწერა. მეორე, 9 კვირის ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი 14 დღის გავლას ელოდება, რომ პროტოკოლის მიხედვით, ტესტირება ჩაუტარდეს. ასევე, იცით, რომ კლინიკაში გვყავს სამი მოზარდი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, - განაცხადა რატიანმა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული 2 ძალიან მძიმე პაციენტიდან ერთთან სტაბილიზაცია შეინიშება, მეორესთან კი ეს ვერ ხდება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან ერთი ინფექციურშია მოთავსებული, ის მარნეულის კლასტერიდან არის.

„გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში დაემატა 14 დადასტურებული პაციენტი და ახლა არის 266. ქვეყნის მასშტაბით 67 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი, აქედან 45 ჩვენია. ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია, ჯერჯერობით კვლავ გვრჩება ძალიან მძიმე, პრობლემური 2 პაციენტი, ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან ეს ვერ ხდება, დანარჩენი მძიმე პნევმონიით მიმდინარე პაციენტების დაავადების პროგრესირება არ მიმდინარეობს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ალბათ, მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება და არ გახდება არც ერთი კრიტიკული და მათთან დაიწყება გამოჯანმრთელება.

ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ჩვენია, ეს არის მარნეულის კლასტერი. დანარჩენი ამ 14-დან ძირითადად როგორც ჩემთვის ცნობილია, რეგიონებია. თბილისში 2 თუ 3 შემთხვევაა, დანარჩენი არის რეგიონში. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთიც არის”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს.

როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პაციენტი ასაკობრივად რისკ ჯგუფში არ შედის და მასთან დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ერთი პაციენტია ჩვენთან დამატებული, რომელიც ჩვენთან არაა გამოვლენილი. ბოჭორიშვილის კლინიკაში სულ ამ ეტაპზე 55 პაციენტიდან 16 არის კორონავირუსზე დადასტურებული. აქედან 7 არის 18 წლამდე ასაკის პაციენტი. კრიტიკულად არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ ფასდება. 4 საყურადღებო პაციენტია. არასრულწლოვნები საყურადღებო პაციენტებში არ არიან“,- განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან, რომელიც „18 წლამდე პირია და მისი პირველადი ტესტი კორონავირურზე უარყოფითი იყო“.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან დედა-შვილია მოთავსებული. დედის ანალიზი კლინიკაში აიღეს, არასრულწლოვანი შვილი კი ბათუმიდან გადაიყვანეს.

ამასთან, კლინიკაში სულ 18 პაციენტია, მათგან, ორი ბავშვია. ინფექციურში დღეს ორ ახალ პაციენტს ელოდებიან, ისინი ე.წ. თერჯოლის კლასტერს წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ პაციენტს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

„მედალფას“ რეგიონული დირექტორის ლევან ანთაძის ინფორმაციით, ამჟამად ბათუმში, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 17-ს პნევმონია აღენიშნება, ხოლო ერთს ხელოვნური სუნთქვის ვენტილაცია უტარდება. მისივე თქმით, ტესტირების შედეგად 2-ჯერ უარყოფითი პასუხი მიიღეს მედდაზე, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში დაინფიცირდა. თუმცა, მას ფილტვის პნევმონია აღენიშნება.

„კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე, ის არის ხელოვნური სუნთქვის ვენტილაციაზე, 70 წლის ზევით არის და აღენიშნება ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ის 26 თებერვლიდან იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე. მისი მდგომარეობა ლაბორატორიული მონაცემებით უკეთესია და შეიძლება რამდენიმე დღეში ჩვენ ვცადოთ მისი ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნა. 17 პაციენტს აღენიშნება პნევმონია და შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისინი არიან საშუალო სიმძიმის. დანარჩენ პაციენტებში დაავადება მიდის მსუბუქად, რაც შეეხება მედდას, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში დაინფიცირდა, მეორეჯერ უარყოფითი პასუხი აქვს, მაგრამ რჩება ფილტვის პნევმონია და ალბათ რამდენიმე დღე კიდევ დარჩება ჩვენთან იმისთვის, რომ ბოლომდე გამოვაჯანმრთელოთ. ეს პაციენტი დაინფიცირდა პაციენტისგან,“ - აღნიშნა ლევან ანთაძემ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც გუშინ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, Covid-19 ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის, სოფელში გამკაცრებულია ზომები და ხიდისყურის ყველა შემსვლელ და გამსვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.

სოფელში შექმნილ მდგომარეობას შიდა ქართლის გუბერნატორი რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

„ხიდისყურში კოვიდ-19-ის შემთხვეა გუშინ დადასტურდა, შემდგომ, რეგიონიდან, ლაბორატორიული შემოწმებისთვის დამატებით გაიგზავნა 9 ნიმუში, საიდანაც ერთი დადებითი პასუხია. აღნიშნული ინფიცირებულიც ამ სოფლის მცხოვრებია. იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსული ინფექციის შემდგომი გავრცელების ლოკალიზება, გამკაცრდა ზომები - სოფლის შესასვლელებში ხორციელდება საპოლიციო კონტროლი და შექმნილ ვითარებაზე ინფორმირებულია ცენტრალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. ცოტა ხანში, ცნობილი იქნება შემდგომი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედებთ", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება გუშინ დაუდასტურდა, თბილისიდან სოფელ ხიდისყურში ოჯახთან ერთად იყო ჩასული.

"უკეთესი იქნება, საგანგებო მდგომარეობის ორი კვირით გახანგრძლივება" - თენგიზ ცერცვაძე

საპატრიარქოში სასულიერო პირებისა და მთავრობის წევრების შეხვედრა იმართება

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 272-მდე გაიზარდა