ავტორი:

"უპასუხისმგებლო ადმიანების გამო ფრონტის წინა ხაზზე შიშველი ხელებით ვიბრძვით" - სომხურ კლასტერს აფხაზეთში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა

"უპასუხისმგებლო ადმიანების გამო ფრონტის წინა ხაზზე შიშველი ხელებით ვიბრძვით" - სომხურ კლასტერს აფხაზეთში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა

აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობამ რეგიონში კორონავირუსის მესამე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, გალსა და გაგრაში რეგულაციები გაამკაცრა. ყველაფერი რუსეთიდან აფხაზეთში შემოსული გალელი ქალის ამბით დაიწყო, რომელსაც ფსოუს საზღვარზე ძმისშვილი დახვდა და გალის სოფელ საბერიოში წაიყვანა.

გარკვეული დროის შემდეგ მან გალის საავადმყოფოს კორონავირუსის სიმპტომებით მიმართა... აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ჩარევითა და ქართულ მხარესთან შეთანხმებით ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც გაირკვა, ქალის ძმა "ენგურჰესში" მუშაობს და დის სტუმრობის შემდეგ, ის სამსახურში იმყოფებოდა, რის გამოც თანამშრომლებს "ენგურჰესში" მისვლა აუკრძალეს. არსებული ინფორმაციით, ის გალის მაღაზიებსაც ესტუმრა, თუმცა რამდენიმე საეჭვო კონტაქტის გარდა, რომლებმაც ტესტირება გაიარეს და უარყოფითი პასუხი მოვიდა, სხვა შემთხვევა არ გამოვლენილა. გალის ე.წ. ადმინისტრაცია, მოქალაქეების ცალკეულ აქტიურობას თუ არ ჩავთვლით, დეტალების გარკვევით თავს არ იწუხებს... ჩაკეტილია ოჩამჩირე-გალის დამაკავშირებელი გზა.

ეთნიკური ქართველის დაინფიცირებას მაშინვე მოჰყვა აფხაზურ მოსახლეობაში ნაციონალისტური პოსტები.

"მათ რა ენაღვლებათ, გადავლენ საქართველოში და იმკურნალებენ, აქ რას გვიტოვებენ, რაში აინტერესებთ" - წერდნენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

ამის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. საუბარია 29 მარტს მოსკოვიდან შემოსულ გაგრელ სომეხზე, რომელიც 6 აპრილს, გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს... ის გაგრაში 8-სართულიან კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ტაქსით მივიდა. დღემდე ვერ დაადგინეს ყველა კონტაქტი, რომელიც დაინფიცირებულს ჰქონდა...

ე.წ. სანიტარულმა სამსახურმა კორპუსში დეზინფექცია ჩაატარა, მოსახლეობას კი კარანტინში უწევს ცხოვრება, მათ აუცილებელ საკვებს აწვდიან, კორპუსთან კი "მილიცია" დარაჯობს, რათა მათ საცხოვრებელი სახლები არ დატოვონ. ამის შემდეგ ე.წ. ადმინისტრაციამ კი, "შსს-სთან" ერთად, გაგრაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ბოლო ხანებში, აფხაზეთში ანტისომხური განწყობები პერიოდულად მწვავდება, რადგან სოჭსა და ადლერში მცხოვრები რუსი ბიზნესმენები, რეგიონში სწორედ სომხების ხელით ატრიალებენ ბიზნეს-ინვესტიციებს. საუბარია ტურისტულ ბიზნესზე, სადაც აფხაზურ მოსახლეობას მხოლოდ რეკომენდაციებით დაასაქმებენ... აფხაზებში ეს რეალობა აშკარა აგრესიას იწვევს.

"მთავარია, თავიანთ შემოსავლებს არ მიადგეს საფრთხე და არაფერს დაინდობენ... არ აინტერესებთ, რომ ქვეყანა ფინანსურად და მატერიალურად არ არის მზად ამ ვირუსისთვის... მილიცია არც იყო საჭირო, იმ კორპუსში უმეტესობა სომხები ცხოვრობენ და საკმარისია ვინმე გამოსულიყო გარეთ, ვითარება მაშინვე დაიძაბებოდა" - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი ზურაბ კაცია.

"ჩვენ გვყავს ექიმები, რომლებიც მოძველებული მეთოდებით მკურნალობენ. არ გვაქვს შესაბამისი ეპიდაღჭურვილობა და სიმბოლური დახმარებების გარდა, არაფრის იმედი უნდა გვქონდეს, რადგან ამ ვირუსს ყველა ქვეყანა თავისი ძალებით ებრძვის. ეს არის რეალობა, სადაც თავი უნდა გადავირჩინოთ, თვითიზოლაციით, დისტანცირებით, სიფრთხილით, რაც როგორც ჩანს, ჩვენს ბიზნესსა და შემოსავლების გაზრდაზე ორიენტირებულ ჩვენს სომეხ თანამემულეებსაც უნდა ავუხსნათ კანონის ენით, სანქციებით, ჯარიმებით, რათა ჩიხში არ შევიდეთ..." - მიაჩნია ჯანსუღ ლაცბას.

სომეხი გაგრელის კლასტერის გამო აგრესიას ღიად გამოხატავდნენ თავად ექიმებიც, რომლებიც სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ამ უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, ფრონტის წინა ხაზზე, თითქმის შიშველი ხელებით უწევთ ბრძოლა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა, მედპერსონალისთვის პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა შეეხსენებინა.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, პაციენტის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, ექიმი 15-დან 50 000 რუბლით დაჯარიმდება. მოსახლეობა გააღიზიანა 8 აპრილიდან, გაგრაში კომენდანტის საათის შემოღებამაც, რადგან აფხაზური მილიცია ქალაქს საღამოს 8-დან დილის 7 საათამდე აკონტროლებს. ანუ დროის ამ მონაკვეთში დაკეტილია სასურსათო მაღაზიები, კაფე-ბარები, სავაჭრო ობიექტები, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა, ყველანაირი კომპენსაციისა და შემოსავლის გარეშე რჩება. ამ დროს კრიმინალს ხელ-ფეხი ეხსნება.

მხოლოდ ერთ ღამეში, 70 დარღვევა გამოავლინეს. დააკავეს 27 ავტომანქანა და გაირკვა, რომ მძღოლების უმეტესობა ნასვამი იყო...

"მათ შორის ასევე იყვნენ არასრულწლოვნებიც. ხალხი მიუჩვეველია შეზღუდვებს და რეგულაციებს ვერ ითვალისწინებს. არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ მილიციას დაემალება და მაინც რისკავს ქუჩაში გამოსვლას, არ ემორჩილება ძალოვნებს, მოძრაობას განაგრძობს. მილიციას მათი დევნა უწევს, ზოგი ერთობა, ზოგს უბრალოდ, ფინანსური ჯარიმის ეშინია...", - წერს გამოცემა abkhaz-auto.ru, რომლის ცნობითაც, დანაშაული 3-დან 20 000-მდე რუბლით ჯარიმდება.

მთავარი ფოტო: sputnik-ossetia.ru

"სისხლზე დაგეშილი... ოღონდ იარაღი ეჭიროს და ფული იშოვოს" - ბჟანიას მრჩევლად დაუნიშნეს კაცი, რომელიც დონეცკელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა

მანქანების გატაცება, შეიარაღებული ჩინოსნები და ბომბები რიგითი აფხაზების სახლებში - ასლან ბჟანია აფხაზური კრიმინალის პირისპირ

32 ცხინვალში და 9 აფხაზეთში - როგორია კორონავირუსით ინფიცირებულთა მონაცემები ოკუპირებულ რეგიონებში