ავტორი:

"ერთი თვეა სახლიდან არ გავსულვარ, ამის მეტს არაფერს ვაკეთებ..." - ქალი, რომელიც იასამნებს ვერ კრეფს, მაგრამ ქარგავს

"ერთი თვეა სახლიდან არ გავსულვარ, ამის მეტს არაფერს ვაკეთებ..." - ქალი, რომელიც იასამნებს ვერ კრეფს, მაგრამ ქარგავს

ამ საოცარი ნამუშევრების ავტორი თვითიზოლაციის პერიოდში აღმოვაჩინე. მისი ხელით შექმნილი კომპოზიციები, ბუნებრივისგან თითქმის არ განსხვავდება და ყურებისას თვალს ვერ წყვეტ... ნაია გვიმრაძე გვეუბნება, რომ დილიდან საღამომდე ქარგავს და ამ შრომის შედეგად, უმშვენიერეს კომპოზიციებს განუწყვეტლივ ქმნის.

პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგია, 6 წელი სკოლაში მუშაობდა, მოსწავლეებთან ახლაც მუშაობს, ნაია მასწავლებელი მათ შინ ამეცადინებს, თუმცა ჩვენი რესპონდენტის უმთავრესი საქმიანობა კარგა ხანია ქარგვაა, რომელშიც რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული.

"ბოლო სამი წელია, ეს საქმე ჩემი შემოსავლის წყარო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მყავს მოსწავლეები, ეს საქმე მართლა ძალიან მიყვარს. არ არსებობს დღე ქარგვის გარეშე. დილა ქარგვით იწყება. თუ ერთი დღეც კი რამე არ მოვქარგე, მგონია, რომ ეს საქმე დამავიწყდა. სადაც უნდა წავიდე - სტუმრად, დასასვენებლად, მეგობრებთან, იქაც ვქარგავ. ისიც მომწონს, სტუმრად მისული თუ სადმე ჩემს ნამუშევარს აღმოვაჩენ. ყველაზე მეტად ჩემი ნამუშევრების ნახვა მაბედნიერებს" - გვიყვება ნაია.

- თქვენი ნამუშევრები ნამდვილი მცენარისგან თითქმის ვერ გაირჩევა. რა მასალას იყენებთ?

- ატლასის ლენტებით ვქარგავ. იშვიათად ვიყენებ მინის თვლებს, ხშირად თემაზე მუშაობისას, სურათების ლენტების დაფარვა ხდება. ზოგი სურათი სრულად იფარება, ზოგი - ნაწილობრივ. ვმუშაობ ასევე შავ ტილოზე.

- ნაქარგებში ყვავილები ჭარბობს - იასამანი, ვარდი, გვირილა, ყაყაჩო...

- პეიზაჟებიც მაქვს, თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა იასამანსა და გვირილაზეა. გამორჩეულად მაინც იასამანი მოსწონთ, ბუნებრივს ჰგავსო. იასამანს და გვირილას უკვე ყაყაჩო მოსდევს და მერე სხვა დანარჩენი... იასამანის ნაწილს ტილოზე ვქმნი, ნაწილს - ცალკე და ტილოზე მერე გადამაქვს. საეროდ, ერთი ნამუშევრის შექმნას ერთი დღე უნდა. იასამანზე მუშაობას კი სამი დღე სჭირდება, უფრო შრომატევადია.

- რას ნიშნავს ეს საქმე თქვენთვის?

- ასე მგონია, რომ ჩემი თავი ვიპოვე, თუმცა ყველა სურათს თავის ისტორია აქვს. მეკითხებიან, რომელი ყვავილი გიყვარსო? ყველა ყვავილი მიყვარს, მაგრამ გამოვარჩევ ცოცხალ ვარდს. ჩემი შემოქმედებიდან კი იასამანი და ყაყაჩო მეტად მხიბლავს... სახლში ცოცხალი ყვავილებიც სულ მაქვს, ასევე ქოთნის მცენარეები. იასამანი სეზონზე რომ შემოვა, სანამ ბოლო ხე არ დაასრულებს ყვავილობას, სახლში გამოულევლად მაქვს. ახლა ჯერ არ გაშლილა და შესაბამისად, ვერ ვკრეფ. ჩვენს ეზოში იმ დღეს მხოლოდ კესანები იყო გაშლილი და ეგენი დავკრიფე... მუშაობას რომ ვიწყებ, ვიცი რასაც მივიღებ და ყველაზე დიდი განცდა უკვე დასრულებული ნამუშვარია... რა თქმა უნდა, ყვავილები უნდა გიყვარდეს, სხვანაირად არ გამოდის.

- თვითიზოლაციის პერიოდშიც მუშაობთ?

- ამ პერიოდში კიდევ უფრო აქტიურად, ამის მეტს არც არაფერს ვაკეთებ. დღეში ერთ სურათს ვქმნი. მოკლედ, სულ ვქარგავ, ბოლო ერთი თვეა, გარეთ არც გავსულვარ... ადრე ასეთი სურათი მოვქარგე, სადაც ბებია და შვილიშვილი მთებში მიდიან. მასზე მუშაობისას საოცარი განცდა მქონდა და მაშინ ვთქვი, მოვა დრო, მეც გავივლი ამ გზას-მეთქი... ძალიან მინდა, ეს გზა გავიარო და ალბათ ყველას უნდა ეს. მოკლედ, აღნიშნული ნამუშევარი იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. როცა ვუყურებ, სადღაც ჩემს თავს ვხედავ. სხვათა შორის, ამ ფოტოზე მოთხოვნა ბევრს გაუჩნდა და ბევრიც მოვქარგე უკვე. მოკლედ, ხომ ვამბობ, ეს არის სამყარო, სადაც ჩემი თავი ვიპოვე. ყველაფერი კი მხოლოდ შემოსავლის წყარო კი არა, პროფესიაა. არც კი ვიცი, მანამდე როგორ ვცხოვრობდი, როცა ამ საქმეს არ ვაკეთებდი. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებ.

- გამოფენა არ გქონიათ?

- არა და ასეთი ოცნება მაქვს, რომ ის ჩემს უსაყვარლეს მილანში მოვაწყო.

- ამ საქმის კეთების იდეა როგორ მოვიდა?

- ბავშვობიდან ვქსოვდი, შემდეგ ვისწავლე სამკაულების გაკეთება. ხშირად ვუყურებდი "იუთუბიზე" ხელსაქმის შესახებ სხვადასხვა ვიდეოს. ერთ მშვენიერ დღეს გამიჩნდა სურვილი, მოცულობითი ქარგვა დამეწყო. ადრე მეტი დრო მქონდა მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის. ახლა ეს დრო პრაქტიკულად აღარ მაქვს, სამაგიეროდ, ბევრი ახალი მეგობარი, ახალი სანაცნობო წრე შევიძინე. სასიამოვნოა, როცა ვიღაცას მოსწონს შენი შემოქმედება. უამრავი ადამიანი მეხმიანება, ქუჩაშიც გავუჩერებივარ და უთქვამთ, მოგვწონს თქვენი სურათებიო. ბევრს ნიშავს, როცა ვიღაცას მოსწონს შენი ნახელავი, ნაქარგი.

- ამ მოცულობითი ქარგვის შესწავლა ყველას შეუძლია?

- თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა... იზოლაციის პერიოდში კი ვისაც იდეა გაუჩნდება, ვურჩევდი, მოსინჯოს, გადადგას ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები... რამდენიმე დღის წინ ისამანი მოვქარგე და შთაბეჭდილება მქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ შეშინდეთ, დაიცავით წესები და მართლაც კარგად ვიქნებით!

მაკა ასათიანი "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე გამოჩნდა - როგორ გამოიყურებოდა დიზაინერი შეუდარებელი "ლუქით"

ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსები და ვინ იცვამს შეუსაბამოდ - პიარის სპეციალისტი იმიჯზე აგორებულ სკანდალებსა და საპარლამენტო "დრეს კოდზე"

მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, თოვლი... - ხვალიდან ამინდი უარესდება